პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დეპუტატ რიმა ბერაძეს, რომელმაც კითხვა სამომხმარებლო კალათაზე დაუსვა, განუმარტა, რომ სამომხმარებლო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა სხვადასხვა რამაა.

"ქალბატონო რიმა, ცოტა აგერიათ სამომხმარებლო კალათა და სამომხმარებლო მინიმუმი. სამომხმარებლო მინიმუმი, როგორც ასეთი, ეკონომიკური პარამეტრი აღარ არსებობს, არ გამოიყენება უკვე არსად. პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ერთადერთი ქვეყანა ჩვენ დავრჩით და ეს სამომხმარებლო მინიმუმი დასავიწყებელია. სამომხმარებლო კალათა არის შეფასებითი ერთეული, რომელსაც საქსტატი ადგენს და ამას უფრო მაკროეკონომიკური განზომილება აქვს. ის, რომ ლარის კურსს პირდაპირი სოციალური მნიშვნელობა აქვს, ეს ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ სამომხმარებლო მინიმუმთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როგორც კი რამდენიმე პუნქტით ლარის კურსი უფასურდება, ამას თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს. ამისთვის კი, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისია და ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა ამას მარტო ვერ გაუმკლავდება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ლარის კურსზე წნეხი მინიმუმამდე დავიყვანოთ. იქ, სადაც არის ამის შესაძლებლობა, ჩვენს მოქალაქეებს მიზნობრივად, სოციალურად დავეხმაროთ", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

რიმა ბერაძის კითხვა კი ეხებოდა სამომხმარებლო კალათის დადგენილი ზღვრული ნორმების გადახედვას.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, სახელმწიფოს მიერ დადგენილია სამომხმარებლო კალათი, რომლის ღირებულება შეადგენს 190 ლარს და რომელიც, თავის მხრივ, 320 აუცილებელ პროდუქტს გულისხმობს. როცა არის ლარის კურსის ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, როცა ეროვნული ბანკი 2021 წელს აანონსებს 3%-იან ინფლაციას, შესაბამისად, იზრდება ფასები და ფასების ზრდასთან დაკავშირებით, მძიმეა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა. ფიქრობთ თუ არა, რომ საჭიროა გადაიხადოს სამომხმარებლო კალათის დღეს არსებული დადგენილი ზღვრული ნორმა?", — განაცხადა მან.

დღეს მე-10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა იმართება, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მომავალი მთავრობის პროგრამა წარადგინა. ასევე, დღეს დამტკიცდება მინისტრთა კაბინეტი, რომლის ყველა წარმომადგენელი ქართული ოცნების წევრი იქნება.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.