ჩინეთის ჩრდილოეთით, შანსის პროვინციის ერთ-ერთი ქალაქის ღამის ქუჩებში მობორიალე ძაღლის გულის ამაჩუყებელი ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ დგება მიუსაფარი ძაღლი უკანა ფეხებზე, როცა მის წინ მანქანა ჩერდება და კარი საკვების მიღების მოლოდინში იღება.

როგორც კი მანქანაში მჯდომი ქალი ძაღლს სოსისებს აწვდის, მისი თვალები ცრემლებით ივსება. ვიდეოს მეორე ნაწილში ასევე ჩანს, როგორ ბრუნდება ქალი პარკში ძაღლის შესამოწმებლად, ის კი თავის დამპურებელს ცნობს და მადლიერებით ეგებება, ხოლო როცა ქალი სასუსნავებს კვლავ იღებს ჩანთიდან, გულაჩუყებული ძაღლის თვალები ისევ სიხარულის ცრემლებით იფარება.

ადგილობრივ გაზეთთან საუბარში ქალმა აღნიშნა, რომ ძაღლის თავის მანქანაში წაყვანა სცადა, თუმცა იგი ხელიდან დაუსხლტა.

"მე და ჩემი მეგობრები პარკისაკენ მივდიოდით, როცა მიუსაფარი ძაღლი დავინახეთ", — ამბობს იგი, — "საკვები რომ ვუწილადეთ, ტირილი დაიწყო, თუმცა, როცა მასთან ერთად მანქანაში დაბრუნება გადავწყვიტე, იგი გაიქცა. ალბათ მას ძაღლზე მონადირეები ვეგონეთ, რომლებიც ზუსტად ასე იქცევიან — საკვებით იტყუებენ მათ მანქანაში".

პარკში ხელმეორედ დაბრუნებისას, ქალმა შენიშნა, რომ ძაღლი გაუჩინარებულიყო.

"ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე ვცადე, მომეძებნა, თუმცა ვერ ვიპოვე. შეიძლება, ახლა ქუჩის მეეზოვეებს ვთხოვო მისი მოძებნა".

ინტერნეტსივრცეში ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ცხადია, მას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები გულჩვილი ძაღლის ბედზე წუხდნენ და იმედოვნებდნენ, რომ იგი მონადირეების ხელში არ ჩავარდა.