იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მისი თქმით, საქართველო ამის ფარგლებში პროკურორის ოფისთან, ასევე, სტრასბურგის და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებთან თანამშრომლობს და 2013 წლიდან წარდგენილ მტკიცებულებებს ეყრდნობა.

"რისი აღნიშვნაც მინდოდა ის არის, რომ გამოძიება დაიწყო 2016 წლის იანვარში, როდესაც პროკურორის ოფისს მისცა სასამართლომ ნებართვა ამისთვის და ჩვენ იმ მომენტში უკვე მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს, რადგან სასამართლომ აღნიშნა სამი მნიშვნელოვანი მომენტი: პირველი — 2008 წელს იყო სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. მეორე — რუსეთი აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონს და მესამე — ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ ვთანამშრომლობთ პროკურორის ოფისთან, როგორც სტრასბურგში, ასევე, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში. ჩვენ ვეყრდნობით მტკიცებულებათა ერთი და იგივე ბაზას. ეს არის, 2013 წლიდან მოპოვებული და წარმოდგენილი 700-მდე მტკიცებულება, რომელიც მოიცავს აუდიოფაილებს, განაღმვის მასალებს, სეისმური სადგურის ჩანაწერებს, უამრავ ფოტომასალას და ასევე, რაკეტა ისკანდერის ჩანაწერებს. სწორედ ეს აძლევს ჩვენს თანამშრომლობას შინაარს, რათა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დანაშაული ქართველების წინააღმდეგ ჩაიდინა", — განაცხადა მან.

12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 21 იანვარს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.