პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

"ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შემიძლია ღიად გითხრათ, რომ კულტურის და სპორტის სამინისტრო როგორც იყო ადრე განათლების სამინისტროდან გამოიყოფა", — ამბობს გახარია.

დღეს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების სხდომა მიმდინარეობს. პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატს უსმენენ. ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. მმართველი ძალის განცხადებითვე, ისინი დააინიცირებენ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა ხდება პარლამენტში.