საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპანტების მეირ უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის საკითხი მუდმივად დგას ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში და ყველა ელჩს დავალებული აქვს, რომ ეს თემა წამოწიოს უმაღლეს დონეზე.

"რაც შეეხება ზაზა გახელაძეს, ეს საკითხი მუდმივად დგას ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში. არამხოლოდ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში, ყველა პარტნიორთან. მე გუშინ დავასრულე ჩვენს ელჩებთან ჩვენი ყოველწლიური ელჩების კონფერენცია. ყველა ელჩს, ყველა პარტნიორ ქვეყანაში და არაპარტნიორ ქვეყანაში, აქვს ძალიან მკაფიო დავალება, რომ ეს თემა აიწიოს ყველა უმაღლესი დონის . თქვენ გახსოვთ როგორი სიტუაცია იყო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც მისჯილი ჰქონდა ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა, მაინც მოხერხდა მისი გათავისუფლება და მე იმედი მაქვს, რომ იმ ზეწოლით და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით ჩვენ მივაღწევთ ამ შედეგს. ძალიან კარგია, რომ ორი დღის წინ კიდევ ერთი ქართველი გათავისუფლდა და იმედი მაქვს, რომ ზაზა გახელაძეც საღ-სალამათი დაუბრუნდება ოჯახს", — განაცხადა ზალკალიანმა.

ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეს უკანონო წინასწარი პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივდა. ოკუპანტებმა ის კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე თქმით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.