საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველომ, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ნებისმიერ ფორმატში უნდა იმუშაოს. გახარიას თქმით, რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის ერთადერთი შესაძლებლობაა.

"ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნებისმიერი ფორმატი ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით მიღებული, ორმხრივი, მრავალმხრივი, საერთაშორისო პარტნიორების სრული ჩართულობით არის ის ფორმატები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წნეხი რუსეთზე, იმისთვის რომ მივაღწიოთ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიებს ვგულისხმობ", — განაცხადა გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს დღეს უყრის.

ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. მმართველმა პარტიამ 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესულ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა ხდება პარლამენტში.