საკულტო სერიალის სექსი დიდ ქალაქში დასრულებიდან 16 წლის შემდეგ ჰოლივუდში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, შოუ სულ მალე ახალი ისტორიით დაბრუნდეს ეკრანებზე.

Deadline-ის ინფორმაციით, სტრიმინგ სერვისი HBO Max გეგმავს, რომ მინისერიალი გადაიღოს, რომელიც უკვე ლამის კლასიკად ქცეული ნიუიორკელი მეგობრების ცხოვრების შესახებ ახალი პერსპექტივიდან მოგვითხრობს.

სექსი დიდ ქალაქში HBO-ს პროდუქციაა, თუმცა ამჯერად HBO Max-ის მესვეურები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა შოუს გაგრძელება მათი პლატფორმისთვის შეიქმნას. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ცნობილი პროექტი არ არის, რომლისთვისაც ამ სტრიმინგ სერვისს სულის შთაბერვა ხელახლა უნდა: რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სერიალის True Blood (ნამდვილი სისხლი) ახალი ვერსიის გადაღებას აპირებენ.

ფოტო: HBO

სერიალი სექსი დიდ ქალაქში დარენ სტარმა ქენდის ბუშნელის ამავე სახელწოდების მქონე წიგნის მიხედვით გადაიღო და მაყურებელმა მისი სულ ექვსი სეზონი იხილა. მოგვიანებით ორი ფილმიც გამოვიდა, მათ შორის ბოლო 2010 წელს.

როგორც სერიალში, ისე ფილმებში, მთავარ როლებს სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი, კრისტინ დევისი და კიმ კეტრელი ასრულებენ. თუმცა, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მათი გმირების შესახებ ახალ სანახაობას შემოგვთავაზებენ, მასში ამ უკანასკნელს ვერ ვიხილავთ: ჯერ კიდევ 2017 წელს კეტრელმა განაცხადა, რომ მას სამანტა ჯონსის როლის შესრულება აღარ სურდა.

მეტიც, მან ისიც თქვა, რომ სერიალის სხვა მსახიობებთან ერთად არასდროს მეგობრობდა. ამის შემდეგ კი სარა ჯესიკა პარკერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ განცხადებამ მას გული გაუტეხა.

მთელი ეს დავიდარაბა მესამე ფილმის შესაძლო გადაღების იდეას მოყვა, რომელიც განუხორციელებელი დარჩა, თუმცა სულ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვითაც, მომავალ სერიალში მონაწილეობაზე მზაობა კვლავ მხოლოდ სარა ჯესიკა პარკერმა, სინტია ნიქსონმა და კრისტინ დევისმა გამოთქვეს.

შესაბამისად, თუ ისტორიის გაგრძელებას მართლა ვიხილავთ, ან სამანტა ჯონსის როლს სულ სხვა მსახიობი მოირგებს, ან ეს გმირი საერთოდ არ გამოჩნდება ეკრანზე.

ფოტო: HBO