ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარია ესა თუ ის მინისტრი, მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება ესა თუ ის დარგი. სერგეენკო პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ მთავრობის თითქმის უცვლელი შემადგენლობით დატოვებას ეთანხმება, რადგან მისი თქმით, მიმდინარე პროცესები საჭიროებს უწყვეტ მართვას, მინისტრების ცვლილება კი რეფორმების გადახედვას გამოიწვევდა.

"სამთავრობო გუნდმა, პრემიერმინისტრმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე არ იქნებოდა სწორი ცვლილებების განხორციელება, რადგანაც მიმდინარე პროცესები საჭიროებს უწყვეტ მართვას. მინისტრების ცვლილება გარკვეულწილად ამ რეფორმების გადახედვას გამოიწვევდა, ერთგვარ რესტარტებს, რომლის ფუფუნება ახლა ნამდვილად არ არის.

არ აქვს მნიშვნელობა რა გვარია ესა თუ ის მინისტრი, მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება ესა თუ ის დარგი. ახლა ამ ჩემს პოზიციას დაემატა საომარი მდგომარეობა შეგვიძლია ასე ვთქვათ პანდემიასთან მიმართებაში, ბრძოლა უხილავ მტერთან", — ამბობს სერგეენკო.

პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს დღეს უყრის.

ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. მმართველმა პარტიამ 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესულ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა ხდება პარლამენტში.