საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) მიერ 2020 წლის 1 ივლისიდან 22 ნოემბრამდე საპარლამენტო არჩევნებისთვის განხორციელებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოსთვის კვლავ პრობლემურია. TI ძალადობის შემთხვევების არაეფექტიან გამოძიებაზე, საჯარო ინსტიტუტების, მათ შორის საარჩევნო კომისიების პოლიტიზებასა და მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მობილიზებაზე საუბრობს. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საგამოძიებო უწყებების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტირებისათვის და სხვა მანკიერი ტენდენციები არჩევნებიდან არჩევნებამდე მოუგვარებელ საკითხებად რჩება:

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ რამდენიმე TI-მ შემდეგი ტენდენცია გამოვლინდა.

  • ძალადობა: სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახშირდა ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ჯგუფური ძალადობის რამდენიმე ფაქტი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ყველა ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ცალკეულ შემთხვევებში სწრაფადვე დააკავა რამდენიმე პირი. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწყებული იყო გამოძიება 59 საქმეზე, რომლებიც არჩევნებთან ამა თუ იმ ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული. 6 საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამ 53 საქმიდან 9 საქმეში გარკვეული პირები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. 20 ოქტომბრის შემდეგ განახლებული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერჯერობით, არ გაუსაჯაროებია. გამოძიებულ საქმეთა დაბალი რაოდენობის გამო, სამინისტრო ხშირი კრიტიკის საგნად იქცა;
  • საკუთრების დაზიანება: სექტემბრის მეორე ნახევრიდან, ასევე, გახშირდა პოლიტიკური პარტიების ოფისების, სატრანსპორტო საშუალებების, სააგიტაციო მასალისა და სხვა ტიპის ქონების დაზიანების შემთხვევები. ასეთი ფაქტების გამოძიების მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იყო, ვიდრე ძალადობის საქმეების გამოძიებისას;
  • ცესკოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება: პრობლემური იყო 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველების მიერ სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის თავდაპირველი გამოყენების ფაქტი, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დაზიანდა. ცესკოს შენობასთან განვითარებული საპროტესტო აქციის დროს ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის, ფიზიკური დაზიანების მიყენებისა და მათი კუთვნილი ტექნიკური საშუალებების დაზიანების ფაქტებს.

TI-ს მიხედვით, საყურადღებო იყო არჩევნების დღეს და მის შემდეგ შედგენილი საჩივრების განხილვა, გამოვლენილი დარღვევები და სამართლებრივი დავების პროცესი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ საუბარი არჩევნების მეორე დღიდანვე დაიწყო. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ასეთ ბრალდებებს, ძირითადად, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსის ბევრი შემთხვევის არსებობამ შეუწყო ხელი.

"ეჭვები კიდევ უფრო გაღრმავდა ამ ფაქტებზე ზემდგომი საარჩევნო კომისიების (საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიები) და სასამართლოების მხრიდან საჩივრებისა და სარჩელების თაობაზე დაუსაბუთებელმა და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურმა გადაწყვეტილებებმა. საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სუბიექტის მიერ წარდგენილი საჩივრებისა და სარჩელების აბსოლუტური უმრავლესობა ან განუხილველი დარჩა და არ იქნა დაკმაყოფილებული. შედეგად, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა", — აცხადებენ TI-ში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებზეც საუბრობენ. მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ასევე, გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

ანგარიშში საუბარია, აგრეთვე, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს არსებულ პრობლემებზე. TI-ში აღნიშნავენ, რომ წინა არჩევნების მსგავსად, წელსაც მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი. განსაკუთრებით კი #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას აღნიშნავენ, რომელმაც დაქვემდებარებულ საუბნო კომისიებში 642 წევრიდან 102 კანონის მოთხოვნის უგელებელყოფით დანიშნა.

"კერძოდ, პროფესიული ნიშნით დანიშნა ისეთი წევრები, რომლებიც წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს პარტიების მიერ იყვნენ დანიშნული, ეს კი წელს ამოქმედებული ახალი რეგულაციით, უკანონოა. გარდა ამისა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ იმაზე, რომ ცალკეულ საოლქო და საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით ახალდანიშნული წევრები ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული არიან მოქმედ ხელისუფლებასთან, მუშაობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ან აქვთ ახლო ნათესაური კავშირი მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო საგამოძიებო უწყებების პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოყენებაზეც ამახვილებს ყურადღებას. მათი ინფორმაციით, წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი მმართველი პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა კონკრეტული გამოძიების გამოყენების გზით. საუბარია 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრების დაკავებაზე, რომლებსაც ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება დასდეს.

გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები TI-ში ეჭვს აჩენს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ.

"ასევე, წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ გავრცელდა ფარული აუდიო ჩანაწერები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების მონაწილეობით. ჩანაწერების გავრცელების მიზანი, როგორც ჩანს, აღნიშნული პირების დისკრედიტაცია იყო. ამჯერადაც გაჩნდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ აღნიშნული ჩანაწერები ქართულმა სპეციალურმა სამსახურებმა შექმნეს და უცხოური ვებგვერდების მეშვეობით გაავრცელეს", — აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

TI 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშში სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებაზეც საუბრობს.

ორგანიზაციის სრულ ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.