ასობით ემიგრანტი, რომელიც პანდემიისას საფრანგეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურებში მუშაობს, ქვეყნის დახმარების გამო დაჩქარებული წესით იღებს მოქალაქეობას.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ საკუთარი ძალისხმევით იბრძვიან, დაჩქარებული ნატურალიზაციის სერვისის მისაღებად მიიწვია.

შეთავაზებით ისარგებლა 700-ზე მეტმა ადამიანმა, მათგან 7-მა უკვე მიიღო საფრანგეთის პასპორტი, 693 კი მალე გახდება მისი მფლობელი; მთლიანობაში განაცხადი 2 890 ადამიანს აქვს გაკეთებული. მათ შორის არიან სამედიცინო მუშაკები, დამლაგებლები და მაღაზიების თანამშრომლები.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურებში მომუშავე ადამიანები კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე ჯგუფში შედიან. გარდაცვლილი დაინფიცირებულებიდან კი უმეტესობა ექიმი და მედდაა.

"ჯანდაცვის სფეროში მომუშავეები, დამლაგებლები, ბავშვის მომვლელები და მაღაზიის თანამშრომლები — ყველა მათგანმა ქვეყნისადმი თავდადება გამოიჩინა, ახლა კი დროა, ქვეყანა დაუდგეს ამ ადამიანებს გვერდში", — ამბობს მარლენ შიაპა, სახელმწიფო მინისტრი მოქალაქეობის მინიჭების საკითხებში.

როგორც წესი, აპლიკანტისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, სტაბილური შემოსავლით ცხოვრობდეს საფრანგეთში მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში და გამოვლენილი ჰქონდეს საკუთარი ერთგულება ქვეყნის საზოგადოებისადმი. მიუხედავად ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი კანონპროექტით გათვალისწინებულ ემიგრანტებს საფრანგეთში ცხოვრების სავალდებულო ვადა ორ წლამდე შეუმცირდათ, "ქვეყნისადმი მათ მიერ გაწეული სამსახურის" აღიარების ნიშნად.

2017 წელს საფრანგეთში მცხოვრებმა ემიგრანტების რიცხვმა 6,4 მილიონი შეადგინა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი ქვეყნის ყოფილი კოლონიებიდან, ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან არიან. მომლოდინეთა სოლიდური რაოდენობის მიუხედავად, ნატურალიზაცია დროში გაწელილი და რთული პროცესია. ეს კარგად არის ასახული რიცხვებზე — 2019 წელს 2018-თან შედარებით, ქვეყნის მოქალაქეობა 10 პროცენტით ნაკლებმა ადამიანმა მიიღო.

საფრანგეთი კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარებულ ქვეყნებს შორის მეათე ადგილზეა. ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირების 2,5 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი თითქმის 62 ათასია.