სოციალურ ქსელში ქუთაისის ცენტრალურ გამზირზე დაკიდებული საახალწლო განათებების ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ქუთაისის მერიამ შარშანდელი საახალწლო განათებები წელს უკუღმა დაკიდა.

ფოტო: ქუთაისიპოსტი

ადგილობრივი გამოცემა ქუთაისიპოსტი წერს, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე მოწყობილი განათებები ძველია და ის შარშანაც ეკიდა. მერიამ კი წელს საახალწლო მორთულობას მიმართულება შეუცვალა და უკუღმა დაკიდა. ასევე, შეცვალა განათებაც და ფერადის ნაცვლად თეთრად გაანათა.

ქუთაისის მერიაში On.ge-ს უთხრეს, რომ საახალწლო განათებები უკუღმა დაკიდებული არ არის. მერიის ინფორმაციით, ძველი შეცვლილი კონსტრუქცია ახალი ნათების ფერებით შეიცვალა.

ამასთანავე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, პეტრე ადამაძის განცხადებით, საახალწლო განათებებზე, ნაძვის ხეზე, სხვა კონსტრუქციებსა და განათებების აღდგენაზე ქუთაისის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 140 000 ლარი დაიხარჯა. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე კი ქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 ლარით დაფინანსდება.