ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ არ ეთანხმება კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს. აშშ-ის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი გადაიხედება.

"არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასევე, ზღუდავს მის წვდომას მედიაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია. იმედი მაქვს, ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე. რაც ახლა უნდა ხდებოდეს ქართული 30 წლიანი დემოკრატიის კონტექსტში არის ის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, განვითარებული ოპოზიცია, ისევე, როგორც, პასუხისმგებლიანი და ეფექტური მმართველი პარტია", — განაცხადა კელიმ გიორგი თარგამაძის ფორმულასთან [ფორმულას თარგმანი].

მან, ასევე, აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი "იმედის გამცრუებელი" იქნება.

ქართულმა ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესულ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს.

აღნიშნულ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "სამართლიანი და დემოკრატიული" წესი უწოდა. მან ხაზგასით აღნიშნა, რომ ეს ცვლილება ეხება არა პოლიტიკურ ბოიკოტში მყოფ პარტიებს, რაც საპარლმენტო საქმიანობის ნაწილია, არამედ საბოტაჟსა და პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიას აქვს ინიციატივა შეაჩერონ კანონპროექტის განხილვა და ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას გადაუგზავნონ.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, ასევე, მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსი, რომლის თანახმად, იგივე პარტიები მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით ვერ ისარგებლებენ. საკითხს კენჭისყრაზე 82 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი ჰყავდა.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ცესკოს მონაცემებით ბარიერი გადალახეს ბოიკოტის რეჟიმში არიან და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, ამიტომ პარლამენტი ერთპარტიულია და მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატებითაა დაკომპლექტებული. პარტიების უმეტესობამ მანდატებზე უარი თქვა და საპარლამენტო სიებიც ჩახსნა. დანარჩენები კი ფასილიტატორების ჩართულობით მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს ელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებენ მანდატებზე უარის თქმას ან პარლამენტში შესვლას.