ერთპარტიულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა ორგანული კანონის პროექტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც პარლამენტში არშესული პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. საკითხს კენჭისყრაზე 83 მომხრე და 0 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

აღნიშნულ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "სამართლიანი და დემოკრატიული" წესი უწოდა. მან ხაზგასით აღნიშნა, რომ ეს ცვლილება ეხება არა პოლიტიკურ ბოიკოტში მყოფ პარტიებს, რაც საპარლმენტო საქმიანობის ნაწილია, არამედ საბოტაჟსა და პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას. მანვე განმარტა რა პრინციპით გადანაწილდება ან მოიხსნება დაფინანსება:

"ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც განაცხადი შეიტანა ცესკოში და მოიპოვა დაფინანსება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და წარმოდგენილი კანონპროექტითაც არ არის გათვალისწინებული დეკემბრის თვეში, ან მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოქმნილ ურთიერთობებს და კიდევ მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები მიიღებენ დაფინანსებას. ჩვენ ამ დაფინანსებას არავის არ ვუწყეტთ.

საუბარია იმაზე, რამდენად მიზნობრივია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯოს თანხა კონკრეტული რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის და არ ვსაუბრობთ ერთ რომელიმე პარტიაზე, არამედ ვსაუბრობთ დემოკრატიულ პროცესზე, გრძელვადიან დემოკრატიულ პროცესზე — უნდა ჰქონდეს თუ არა კონკრეტულ პარტიას, რომელიც საბოტაჟსს უცხადებს საკუთარ ამომრჩეველს, დემოკრატიის პრინციპს, პარლამენტს, როგორ კონსტიტუციურ ორგანოს".

მანვე აღნიშნა, რომ თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში მანდატმოპოვებული პარტიების წარმონადგენელთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით პლენარულ სხდომათა ნახევარს არ დაესწრება, მათ დაფინანსება შეუჩერდებათ და არა შეუწყდებათ.

"ჩვენ ხომ დავიწყებთ საგაზაფხულო სესიას თებერვლიდან. თებერვლიდან ივნისის ჩათვლით პოლიტიკური პარტია მიიღებს სრულად დაფინანსებას, თუნცა ივნისის ბოლოს, პროცედურულად ასეა, ჯამდება პარტიების წარმომადგენლებიდან ვინ ესწრებოდა და ვინ არა. ამის შემდგომ, თუკი პარტიის წარდგენილი დეპუტატების ნახევარი მაინც, პლენარულ სხდომათა ნახევარს მაინც არ დაესწრება, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ამ პარტიას დაფინანსება შეუჩერდება. თუმცა თუკი მომდევნო 6 თვის განმავლობაში გადაწყვეტენ და ჩაერთვებიან, მაშინ აღუდგებათ", — განაცხადა მან.

გარდა ამისა, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიას აქვს ინციატივა შეაჩერონ კანონპორექტის განხილვა და ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას გადაუგზავნონ.

"მათი პასუხების შემდეგ ჩვენ ვიქნებით წელში გამართული და პირნათელი", — განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, ასევე, მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსი, რომლის თანახმად, იგივე პარტიები მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით ვერ ისარგებლებენ. საკითხს კენჭისყრაზე 82 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი ჰყავდა.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ცესკოს მონაცემებით ბარიერი გადალახეს ბოიკოტის რეჟიმში არიან და პარლამენტში შესვლაზე უარს ამობენ, ამიტომ პარლამენტი ერთპარტიულია და მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატებითაა დაკომპლექტებული. პარტიების უმეტესობამ მანდატებზე უარი თქვა და საპარლამენტო სიებიც ჩახსნა. დანარჩენები კი ფასილიტატორების ჩართულობით მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს ელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებენ მანდატებზე უარის თქმას ან პარლამენტში შესვლას.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.