თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, როგორც რისკ და სპეციფიკურ პრიორიტეტულ ჯგუფს, გრიპის აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ. კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ტაქსის მძღოლებს ვაქცინაციის ჩატარება, თბილისის მასშტაბით, ნებისმიერ პოლიკლინიკასა და იმუნიზაციის კაბინეტში უფასოდ შეეძლებათ.

"ჩვენ გვექნება კომუნიკაცია თითოეულ მათგანთან. როგორც ვიცი, მათთან უკვე დაგზავნილია სმს შეტყობინებები, თუ სად უნდა მიაკითხონ და მოხდეს მათი ვაქცინით უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აქცია, რომლის ფარგლებშიც მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. ძალიან კარგი პროგრამაა და, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ პროგრამით", — განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ვაქცინა სახელმწიფო პროგრამიდან ფინანსდება.