2020 წელი ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შინაარსობრივი იყო, რაზეც გავლენა იმ უჩვეულო მოვლენებმაც მოახდინა, რომლებიც მთელ მსოფლიოში ხდებოდა. ასეთივე სევდიანი და ამავდროულად ამაღელვებელია 2020 წლის ოკეანის ფოტოგრაფიის გამარჯვებული ფოტო.

ყოველწლიურ კონკურსს ჟურნალი Oceanographic ატარებს. წლის რჩეული კადრი გერმანელ ფოტოგრაფს, ტობიას ბაუმგარტნერს ეკუთვნის, რომელმაც ავსტრალიაში დაქვრივებული პინგვინების ფოტო გადაიღო.

ფოტო: Tobias Baumgaertner

ფოტოგრაფის თქმით, როგორც მელბურნში მას უთხრეს, ორივე პინგვინმა ცოტა ხნის წინ დაკარგა მეორე ნახევარი და მას შემდეგ, ერთმანეთის კამპანიაში ხშირად ჩნდებიან. სურათში მათ ერთმანეთის მხრებზე აქვთ გადაფარებული პაწაწინა ფრთები და ასე გამოხატავენ ნუგეშს, მხარდაჭერას და თანაგრძნობას. პინგვინების სურათმა კონკურსში მკითხველის რჩეულის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ფოტოგრაფმა საკუთარ ინსტაგრამზე პინგვინების სხვა დასამახსოვრებელი კადრებიც გამოაქვეყნა.

ეს პინგვინები სახეობაში ყველაზე პატარები არიან და მათი სიმაღლე 33 სანტიმეტრს არ აღემატება. ისინი კოლონიებად ცხოვრობენ და მათზე ავსტრალიელი მოხალისეები ზრუნავენ.

"ერთ-ერთი მოხალისეს სიტყვებით, თეთრი შედარებით ასაკოვანი ქალია, ხოლო მის მარცხნივ მდგომი შედარებით ახალგაზრდა მამრი პინგვინია. ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებიან, საათობით დგანან ერთად და ქალაქის მოცეკვავე განათებებს გაჰყურებენ", — ამბობს ფოტოგრაფი.

პატარა არსებები გამუდმებით მოძრაობენ, ერთმანეთს ასუფთავებენ და ნისკარტებით უჩხიკინებენ, რის გამოც ტობიასმა სამი ღამე გაატარა მათ გარემოცვაში, რომ ეს კადრი გადაეღო. მისი თქმით, პინგვინები რომ არ დაეფრთხო, ფოტოს გადაღებისას განათება არ გამოუყენებია.