თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მოიჯარეები დეკემბერ-იანვარში გათავისუფლდებიან სანქცია-საურავებისა და საიჯარო გადასახადისგან. დედაქალაქის მერი ამ გადაწყვეტილების მიზეზად, პანდემიის გამო, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს, რომლებიც აფერხებს კონკრეტული ეკონომიკური სუბიექტების მუშაობას.

"შეღავათები შეეხებათ მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს. ესენი არიან ეკონომიკური სუბიექტები, რომლებსაც მერიისგან, ან მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აქვთ აღებული ფართები, სხვადასხვა სახის უძრავი ქონება და მისი მეშვეობით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას. ვინაიდან პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესებულია დეკემბერ-იანვრის თვეებში, ამ სუბიექტებს იჯარის გადასახადი მოეხსნებათ ამ თვეებშიც. ასევე, ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია-საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია-საურავების დინებაც შეჩერდება", — განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, იგივე შეღავათები შეეხებათ ქვეიჯარით მოსარგებლე პირებსაც.

კალაძის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, რესტორნებისა და სხვა კვების ობიექტებისთვის, რომლებიც სტუმრებს ვერ იღებენ და მიწოდების სერვისს სთავაზობენ მომხმარებლებს, დასუფთავების გადასახადი შემცირდება.

"ამ პერიოდში მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი, საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის იქნება, რაც 8-ჯერ ნაკლებია", — ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, ობიექტებმა, რომლებიც საერთოდ ვერ მუშაობენ შეზღუდვების პირობებში, უნდა მიმართონ თბილსერვის ჯგუფს და მათ საერთოდ მოეხსნებათ დასუფთავების გადასახადი.

გაიგეთ მეტი: