თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავრობის ვალდებულებაა დაიცვას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები უკანონო შენობა-ნაგებობებისგან და დაუშვებელია მსგავსი ფაქტების გამართლება ადამიანების გაჭირვებით.

"მინდა ყველას შევახსენო, კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულებაა და სახელმწიფო ქონებები დავიცვათ მიტაცებისგან და მასზე შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან. დაუშვებელია ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენდით, რაც ძალიან ცუდია, ასეთი დარღვევები გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით", — აცხადებს კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, მას ესმის იმ ადამიანების, ვისაც სოციალური პრობლემები აქვს და სწორედ ამიტომ, 2021 წლის თბილისის ბიუჯეტში გათვალისიწინებულია მათი დახმარება.

"მე ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა. კარგად მესმის იმ ოჯახების, იმ ადამიანების, ვისაც მართლა უჭირს და ვისაც სერიოზული პრობლემები გააჩნია. თუმცა, შემთხვევით არ არის ის, რომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ზუსტად გათვალისწინებულია იმ მიმართულებით, რომ ჩვენ დავეხმაროთ იმ ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა", — გააცხადა კახა კალაძემ.

დღეს, დილიდან, სამგორიში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თბილისის მერია უნებართვოდ აშენებულ სახლებს ანგრევს.

15 დეკემბერს იგივე ქმედებებს აფრიკის დასახლებაში ხმაური მოჰყვა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობამ გააპროტესტა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ადამიანი, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლდა.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს. პასუხად ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

On.ge-სთან საუბრისას რამდენიმე ადგილობრივმა აღნიშნა, რომ ისინი მრავალშვილიანები არიან და ამ სახლებს წლების განმავლობაში შეგროვებული ფულით იშენებდნენ. მათი თქმით, ხშირად შვილების გამოსაკვები ფულიც არ აქვთ.

გაიგეთ მეტი: