შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, თეა ახვლედიანის, თეა ახვლედიანის განცხადებით, პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან 250-მდე კოვიდპაციენტი გადმოიყვანეს. ამ ხნის განმავლობაში 2 500-მდე ადამიანი მოთავსებული იყო როგორც კოვიდსასტუმროში, ისე იზოლაციასა და კარანტინში.

პარლამენტში კომიტეტზე მოსმენისას თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონი სრულ იზოლაციაში რჩება და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ გამოხატული დახმარების მზაობა კვლავ უარყოფილია საოკუპაციო რეჟიმის მიერ.

"მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა და მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან ამ გადაწყვეტილებების უკან, რომ ჰუმანიტარული მიზნით იქ მყოფ ადამიანებს სხვადასხვა საჭიროებაზე თავისუფალი წვდომის შესაძლებლობა მისცენ", — თქვა ახვლედიანმა.

მანვე ისაუბრა იმ გზებზე, თუ როგორ გადმოდიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან კოვიდპაციენტები კონტროლირებად ტერიტორიაზე. როგორც მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, ამის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. მკურნალობის მსურველ პირს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ადგილზე მოქმედი სამედიცინო სფეროს თუ საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დახმარებით, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ამავე მიზნით გამოიყენება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სასწრაფო-სამედიცინო ევაკუაციის მექანიზმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი.

ახვლედიანის თქმითვე, პაციენტებზე მიღებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰყავთ.