საპატრიარქოს განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს ჰენრი კლუგემ კოვიდის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისთვის პატრიარქ ილია მეორესა და მართლმადიდებელ ეკლესიას მადლობა გადაუხადა. შეხვედრა საპატრიარქოში 21 დეკემბერს გაიმართა.

"საქართველო ძალიან წარმატებული იყო ვირუსთან ბრძოლაში გაზაფხულზე, ფაქტობრივად, საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა არ ყოფილა. მინდა, თქვენს უწმინდესობას მივულოცო ის წარმატება, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიაღწია გაზაფხულზე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ეკლესიებში ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებისა და დაცვის შედეგად. იმედი გვაქვს, რომ ეკლესია შემდგომშიც თანმიმდევრულად იმოქმედებს ყველა იმ რეკომენდაციების დასაცავად, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ", — ციტირებს საპატრიარქო კლუგეს სიტყვებს.

გარდა ამისა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ილია მეორემ კითხვა დასვა, რამდენად შესაძლებელია ვირუსის შედეგად საზოგადოებაში განვითარებული მძიმე ფსიქო-ფიზიკური ფონის განსამუხატავად და პაციენტების განსაკურნებლად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დადებითი წვლილის შესატანად მუსიკალური თერაპიის გამოყენება.

პანდემიის დაწყების დღიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოითხოვდა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში წირვა-ლოცვაზე მრევლის დასწრება შეზღუდულიყო. გარდა ამისა, საუბრობდნენ ზიარების წესის შეცვლაზე. ეკლესიებში მრევლის დასწრება შეზღუდული იყო ევროპის ბევრ ეკლესიაში, მათ შორის საბერძნეთსა და იტალიაში.

ამის მიუხედავად, საპატრიარქომ ზიარების წესის ცვლილებაზე უარი თქვა. გარდა ამისა, აცხადებდნენ, რომ მრევლს ეკლესიაში მისვლას ვერ შეუზღუდავდნენ, თუმცა იზრუნებდნენ, რომ დაცული ყოფილიყო დისტანცია. აღდგომის ღამეს კი, როცა ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებდა და ტრანსპორტით გადაადგილება სრულად შეზღუდული იყო, მართლმადიდებელ ეკლესიების ნაწილში მრევლი საღამოს 9 საათზე შეიკრიბა და ღამე ტაძრებში გადაათენა.