2020 წელი არავისთვის იყო მარტივი, თუმცა ზოგს კიდევ უფრო დიდ სირთულეებთან მოუწია შეჯახება, ვიდრე კორონავირუსი და თვითიზოლაციაა. ივნისის დასაწყისში, 24 წლის მეკო ჩიტიშვილს ძვლის სარკომის დიაგნოზი დაუსვეს. ახალგაზრდა გოგოს გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია უცხოეთში უნდა ჩატარებულიყო, საწყისი მკურნალობა კი მინიმუმ 150 ათასი დოლარი ჯდებოდა.

თუმცა, როდესაც მარტონი არ ვართ და გვერდით მეგობრები გვიდგანან, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი არსებობს გამოსავალი. სტუდენტებმა მეგობრის გადასარჩენად კამპანია წამოიწყეს, შექმნეს ფეისბუქჯგუფი მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად, გავიდნენ ქუჩაში და თანაგრძნობის გამოხატვა და მეგობრის გადარჩენა გვთხოვეს.

მეკოს დასახმარებლად მისი მეგობრების გარშემო ათობით ათასი უცნობი ადამიანი გაერთიანდა, რომლებმაც ასევე დაიწყეს საქველმოქმედო კამპანიები. რამდენიმე თვეში სამკურნალო თანხა შეგროვდა და აგვისტოს ბოლოს მეკო დედასთან ერთად სამკურნალოდ ავსტრიაში გაემგზავრა.

დიაგნოზიდან 6 თვის შემდეგ მეკომ შეძლო და სიმსივნე დაამარცხა. ეს ამბავი ერთ-ერთმა მეგობარმა და კამპანიის ავტორმა, სალომე თაბაგარმა ფეისბუქიდან სულ ცოტა ხნის წინ გვამცნო:

"მეგობრებო, მოემზადეთ, სიხარულისგან იმდენს ვიხტუნავებთ ახლა, მიწისძვრა არ მოხდეს. ჰისტოლოგიის პასუხი მოვიდა, სიმსივნური ქსოვილები საერთოდ აღარ არის. ეს ვიცოდით, მაგრამ ახლა ლაბორატორიულად დადასტურდა. მეკო შეუერთდა იმ ადამიანების სიას, ვინც სიმსივნე დაამარცხა".

2020 წელს ამბის ასეთი ბედნიერი დასასრული ყველას გვჭირდება, მეგობრების დაუღალავი მცდელობა და უცნობი ადამიანების სიყვარული კი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.