სასტუმროს რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ საღამოს 9 საათამდე. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

"სასტუმროები მასიურად გვთავაზობენ საახალწლო ღამეს, თუნდაც სადღესასწაულო სუფრების გამართვას, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ საღამოს 9 საათამდე, ხოლო 21 საათის შემდეგ დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი", — ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ცქიტიშვილის თქმით, სასტუმროები ცდილობენ გვერდი აუარონ დაწესებულ შეზღუდვებს.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების ნაწილი არ მოიხსნება, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს განაცხადა.

24 დეკემბრიდან ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში. ასევე, შეზღუდვები რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით.

არ გაიხსნება ბაზრობები და იმუშავებენ მხოლოდ აგრარული ბაზრობები.

ზემოთ ჩამოთვლილ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების მუშაობაც, თუმცა დამატებითი რეგულაციების პირობებში. კერძოდ, სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მაღაზიის ფართის 20 კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი. შიდა და გარე სივრცეში რიგები უნდა გაკონტროლდეს. ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში, ან ონლაინგაყიდვების დროს. ამის მიზეზი კი, როგორც ცქიტიშვილმა თქვა, ისაა, რომ მაღაზიაში ბევრი ადამიანის კონცენტრაცია არ მოხდეს.

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იმუშავებს. გარდა ამისა, ცქიტიშვილი ამბობს, რომ მაღაზიებმა პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა უნდა დაუშვან ერთი თვის ვადაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით.