თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ფაიზერის ვაქცინას საქართველო არ შეისყიდის, რადგან -800-ზე შენახვის შესაძლებლობა ქვეყანას არ აქვს. ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოსთვის უფრო სასურველი მოდერნას ვაქცინაა, რადგან მას -20°C-იანი მაცივარი სჭირდება. მისივე თქმით, ან ყველაზე კარგი ოქსფორდის უნივერსიტეტის ასტრაზენეკაა, რომელსაც ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე ინახავენ და ეფექტი იგივეა.

"მგონია, ფაიზერს ჩვენები არ აიღებენ. ფაიზერი ძალიან კარგია, მაგრამ -80°C-ზე უნდა ინახებოდეს. ამის საშუალება მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას აქვს. საქართველოში გვაქვს -80°C-იანი მაცივრები, მაგრამ სულ ერთეულები, მაგალითად, ჩემს სამსახურში ორი დგას. მასობრივად, განსაკუთრებით რაიონებში -80°C-იანი მაცივრები არ არის", — განაცხადა ცერცვაძემ იმედის ეთერში.

ის ვარაუდობს, რომ საქართველო წამყვანი ქვეყნების შემდეგ კორონავირუსის ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს და ეს, სავარაუდოდ, თებერვალში მოხდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 16 დეკემბერს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ფაიზერის ვაქცინას მიიღებს, მისი შესანახი სპეციალური მაცივრები ქვეყანაში 40 ცალია და ნაწილიც შესყიდვის პროცესშია.

მან, ასევე, თქვა, რომ მოდერნას ვაქცინის შემთვევაში -20°C-ანი, შესაბამისი მაცივრები, მუნიციპალიტეტების დონემდე არის ქვეყანაში და მისი დანერგვა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.