ყველაზე მარტოსული პაკისტანელი სპილოს შემდეგ, ყველაზე მარტოსული დათვის ამბავიც ბედნიერად დასრულდა — გორელმა დათუჩამ საპატიმროდ ქცეული ვოლიერი დატოვა.

გორის კულტურისა და დასვენების პარკ "ახალბაღში" განთავსებული ზოოპარკი, ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, გაუქმდება. ინფორმაციას ამის შესახებ Qartli.ge ავრცელებს.

როგორც მედიაგამოცემა იუწყება, გადაწყვეტილების მიღების მიზეზად "უსაფრთხოების ნორმების დაცვა" სახელდება, თუმცა მოქალაქეები ინტერნეტსივრცეში უკვე რამდენიმე წელია, მინი-ზოოპარკში არსებულ შეუსაბამო პირობებს აპროტესტებდნენ. განსაკუთრებული კრიტიკა მიემართებოდა ერთ-ერთი ბინადრის, დათვის, საცხოვრებელ პირობებს, რომელსაც მომცრო ვოლიერში უხდებოდა ყოფა. ობიექტის გაუქმების შემდეგ დათვის თბილისის ზოოპარკში გადაყვანა გადაწყდა.

თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მზია შარაშენიძემ, On.ge-სთან საუბარში დაადასტურა, რომ დათვი უკვე გადაიყვანეს მათ დაწესებულებაში.

"დღეს გადმოვიყვანეთ გორიდან და ახლა არის ახალ ზოოპარკში", — ამბობს მზია, — "ჩვენ დათვები და მგლები უკვე გადაყვანილი გვყავს ახალ ზოოპარკში, სადაც მათთვის ჰექტარზე არის გაკეთებული დიდი ვოლიერი. იმ დათვებთან ერთად იცხოვრებს ეს დათვიც, სადაც დიდი სივრცე და კარგი გარემოა ვოლიერის ბინადრებისთვის. უბრალოდ, სანამ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სტრესი გადაივლის და ახალ გარემოსთან ადაპტირდება, იქნება ცალკე, ხოლო შემდგომ ისიც სხვა დათვებს შეურთდება".

გასულ წლებში შეიქმნა არაერთი პეტიცია, რომელიც გორის ზოოპარკის ბინადრების გათავისუფლებას მოითხოვდა. მოწოდების ერთ-ერთი ავტორი იყო ცხვარიჭამიის დათვების თავშესაფრის ხელმძღვანელი, სოსო ჯიქურაშვილი, რომელიც მზად იყო, გორელი დათვისათვის ემასპინძლა. ასევე მისი ინიცირებით, მოქალაქეები გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზსაც უკავშირდებოდნენ, რათა დათვის შესაბამისი პირობებით აღჭურვილ ადგილზე გადაყვანა მოეთხოვათ.

როგორც ცნობილი გახდა, ზოოპარკის დახურვის შემდეგ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გორის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო თვეებში დაიწყება.