მედიის განვითარების ფონდში (MDF) აცხადებენ, რომ მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას 11 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტის შესწავლისა და უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების თხოვნით მიმართა.

ნიკა გვარამიამ ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტი 11 დეკემბერს გამოაქვეყნა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირად და საჯარო შეურაცხყოფად მიიჩნევს. ასევე, თვლის, რომ ამით პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა ხდება.

MDF-მა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა შეისწავლა და ჩათვალა, რომ აღნიშნული საკითხი სოციალურ ქსელ ფეისბუქში მათი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

"2020 წლის სექტემბერში მედიის განვითარების ფონდის პლატფორმა "მითების დეტექტორი" ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ფეისბუქის პარტნიორი გახდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვრეაგირებთ ფეისბუქში ვირუსულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე. ფეისბუქის პოლიტიკის თანახმად, აღნიშნულ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გადამოწმება ჩვენი პროგრამული ამოცანის მიღმაა", — განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, MDF-მა პრეზიდენტის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ყალბ ცნობებზე რეაგირება უკვე მოახდინა და ფეისბუქზე რამდენიმე პოსტი მონიშნა.

"ამასთანავე, სათანადო ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გადავამოწმოთ, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიერ მოწოდებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც ვირუსულად ვრცელდება და საზიანოა", — აცხადებენ ისინი.

გვარამიას ფეისბუქპოსტის გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართა. ქარტიაში ზურაბიშვილის ადმინისტრაციას უპასუხეს, რომ მოსაზრება არ არის მედიაპროდუქტი, ქარტია კი თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც დადგენილი სტანდარტებით მედიაპროდუქტის ეთიკურობას აფასებს — შესაბამისად, ამ პოსტს ვერ შეაფასებენ. გარდა ამისა, ქარტიაში განაცხადეს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო სივრცეში აზრისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს.