ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, ქართული ოცნების ინიციატივა პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით სადამსჯელო ღონისძიებაა და პარტიებისა და პარლამენტის დაფინანსება უნდა გაიმიჯნოს.

"არაერთხელ ითქვა ამის თაობაზე, რომ პარტიების დაფინანსება, ზოგადად, მთლიანობაში, ემსახურება პოლიტიკური პროცესის ნორმალურ განვითარებას, პარტიების განვითარებას და შესაბამისად, დემოკრატიას უწყობს ხელს. ის პარტიები, რომლებიც არ შედიან პარლამენტში, თავისთავად ამბობენ უარს იმ ფინანსებზე, რომლებიც პარლამენტიდან უნდა მიიღონ. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, რომ საერთოდ შეუწყდეს ამ პარტიებს ფინანსური დახმარება, ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სადამსჯელო ღონისძიება ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცუდი შეფასებები იქნება არამხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტრისგან, არამედ საერთაშორისო დონეზეც", — განაცხადა გიგი წერეთელმა.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატებს, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, არამხოლოდ მანდატებს შეუჩერებენ, არამედ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსებასაც შეუწყვეტენ. ამასთან, მისი თქმით, დააინიცირებენ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.