ხურვალეთში, ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს.

როგორც დათას ცოლი, ვალია ვანიშვილი ამბობს, მოხუცს ფილტვების ანთება აქვს, ექიმი მათთან ხან ცხინვალიდან მიდის, ხანაც ახალგორის ამბულატორია უწევს კონსულტაციას, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ავადმყოფს ვერ ეხმარებიან.

გამოცემის თანახმად, მოხუცი მშობლების ნახვას ვერც მიმდებარე სოფელში მცხოვრები ვანიშვილების შვილი, ნანა, ახერხებს.

"ეშინიათ, რომ მამაჩემის სახლში არ შევიპარო და ამიტომ არ მიშვებენ. არადა, რამით ხომ უნდა მივხედო ჩემ მშობლებს. მეც არაფერი მაქვს, მაგრამ სულ მცირეოდენს მაინც წავუღებ, ან წამალს მივაწვდი", — აცხადებს ნანა ვანიშვილი.

გამოცემასთან სატელეფონო საუბრისას, დათა ვანიშვილის მეუღლე ვალია ვანიშვილი ამბობს, რომ დათას მდგომარეობა დამძიმებულია, ცხინვალიდან მისული ექიმი ნემსებს უკეთებს, წნევა და სიცხე არ აქვს, მაგრამ ფეხზე ვეღარ დგება.

"მუხლები სტკივა და ფეხზე ვეღარ დგება. სიცოცხლე აღარ მინდა. ამ კაცს რომ რამე მოუვიდეს, რა უნდა გავაკეთო, ან როგორ დავმარხო, ან რა ვქნა?", — განაცხადა ვალია ვანიშვილმა.

ვალია ვანიშვნილს თავადაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მოხუცი მეუღლის დამოუკიდებლად მოვლას ვერ ახერხებს.

როგორც გამოცემა წერს, ცოლ-ქმარმა გათბობისთვის შეშა ზოგი თვითონ იყიდეს, ზოგი კი ცხინვალიდან გამოუგზავნეს.

რამდენიმე დღის წინ დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი-ქურთაევი დააკავეს და ამჟამად ახალგორში იმყოფება. როგორც ვალია ვანიშვილი ამბობს, შვილიშვილი თავის ცოლთან ერთად მათ მოსავლელად გადავიდა. ცოლი 17 დეკემბერს დააბრუნეს.