20 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე მინსკში ათეულობით დემონსტრანტი დააკავეს. უფლებადამცველი ორგანიზაცია ვიასნა, 30-ზე მეტი დაკავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. დაკავებული დემონსტრანტების სია მოცემულ ბმულზე ახლდება.

TUT.BY-ს ცნობით, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა მინსკში დააკავეს. დაკავებები დაფიქსირდა, ასევე, გროდნოსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. მომიტინგეები ითხოვენ:

  • ლუკაშენკო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგეს და რიგგარეშე არჩევნების მის გარეშე გაიმართოს;
  • გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები;
  • შეწყდეს პოლიციური ძალადობა.

საპროტესტო აქციებს ლუკაშენკომ მაშინვე რეპრესიები დაუპირისპირა. დემონსტრანტების დაკავებები პროტესტის პირველივე დღიდან დაიწყეს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებდნენ.

არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ტიხანოვსკაიას ქვეყნის დატოვება მოუხდა. მან თავშესაფარი ლიტვაში მიიღო. მინსკსა და მოსკოვში კი მასზე ძებნა გამოცხადდა. ტიხანოვსკაიას მომხრეები ირწმუნებოდნენ, რომ მან ეს გადაწყვეტილება სამთავრობო ძალების ზეწოლის შედეგად მიიღო.

ტიხანოვსკაიას ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომლის თითქმის ყველა წევრი დაიჭირეს, ნაწილმა კი თავს ქვეყნიდან გაქცევით უშველა.

საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ვერონიკა ცეპკალო, ასევე, იძულებული გახდა ქმართან ერთად ბელარუსი არჩევნების დასრულებისთანავე დაეტოვებინა.

ამ დრომდე დაკავებულია საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მარია კოლესნიკოვა. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია 7 სექტემბერს გავრცელდა.

ოპოზიციურ ორგანიზაციებთან კავშირის გამო, 25 აგვისტოს, საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე დაიბარეს ბელარუსელი მწერალი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი.

აგვისტოში გამართული არჩევნების შედეგებს აშშ და ევროპის ქვეყნები არ აღიარებენ. ისინი ბელარუსის ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

ევროკავშირმა არჩევნების გაყალბებისა და აქციის მონაწილეების მიმართ რეპრესიების გამო ბელარუსის 40 ჩინოსანს სანქციები ოქტომბერში დაუწესა. სანქციების ჩამონათვალში მოხვდნენ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები, ასევე, ცესკოს მთელი შემადგენლობა.

ნოემბერში ევროკავშირმა ეს სია გააფართოვა და მასში ლუკაშენკო და 14 სხვა მაღალჩინოსანი შეიყვანა. სანქციები მოიცავს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის შეზღუდვასა და საბანკო ანგარიშების გაყინვას.

ინდივიდუალურ სანქციები ლუკაშენკოს კანადამ და დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. სიები გამოაქვეყნეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც.

დეკემბერში, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ ლუკაშენკოსა და კიდევ 14 ბელარუს ჩინოსანს აქტივები გაუყინა და აგრეთვე, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან, 26 წელია მართავს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის თვალში მან ლეგიტიმურობა დაკარგა, ის, ჯერჯერობით, არსად წასვლას აპირებს.