კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 20 დეკემბრიდან ლონდონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ. კოვიდ-განგაშის ახალი, მეოთხე დონის სისტემა Tier Four ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

  • აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით;
  • სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;
  • სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
  • ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, გამაჯანსაღებელი და გასართობი იხურება;
  • პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ არ უნდა იმოგზაუროს;
  • აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე დანარჩენი სამი დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ. მხარდამჭერი წრის წევრების მონახულება ეკრძალებათ;

საელჩოს ცნობით, აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება.

ბრიტანეთში დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება კორონავირუსის ახალ შტამს უკავშირდება.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ინგლისში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დააფიქსირეს, რომელიც სწრაფ გავრცელებასთან კორელაციაშია. ჰენკოკმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ინფორმირებული იყო და რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობდა.