ჰოლოგრამა მომავლის თემაზე შექმნილი ფილმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. მკვლევარმა ლეი უანგმა განაცხადა, რომ ფილმში ნანახი ჰოლოგრამები სულ მალე რეალობაშიც შეიძლება გაცოცხლდეს. მისმა გუნდმა კომპლექსური ჰოლოგრაფიული ინფრაწითელი სურათები შექმნა.

"ბავშვობაში ჰოლოგრაფიული სურათების კონცეპტი ვარსკვლავური ომებიდან გავიცანი. ძალიან მაგარია იმ გამოგონებაზე მუშაობა, რომელიც ფილმებში არსებული ჰოლოგრაფიის პრინციპებს იყენებს", - ამბობს უანგი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის დოქტორანტი.

ჰოლოგრამა სინათლის ყველაზე კომპლექსურ მანიპულაციებს ასრულებს. ის ყველა სახის ინფორმაციის შენახვისა და ხელახლა წარმოქმნის საშუალებას იძლევა. შედეგი კი სინათლის სახით 3D-ში აისახება. ამის საპირისპიროდ, სტანდარტული სურათები და კომპიუტერის მონიტორები 2D ინფორმაციის მხოლოდ ნაწილს აღბეჭდავენ.

კვლევა ჰოლოგრაფიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფუტურისტული გამოსახულებებისა და მოწყობილობების განვითარებაში. მეცნიერები ულტრა-თხელი და მსუბუქი წონის ოპტიკური მოწყობილობების შექმნაზე მუშაობენ.

უანგის განცხადებით, ამ მოწყობილობებმა შესაძლოა ჩაანაცვლოს მოცულობითი კომპონენტები და მინიმალისტური მოდელების შექმნით ასტრონომიულ მისიებში ოპტიკური სისტემების წონის შემცირებით მნიშვნელოვანი თანხები დაზოგოს.

ერთ-ერთმა თანამკვლევარმა სერგეი კრურკმა აღნიშნა, რომ ჰოლოგრამა მილიონობით პაწაწინა სილიკონის სვეტისგან შედგება, რომელთაგან თითოეული 500-ჯერ თხელია ადამიანის თმის ღერზე.

"ეს ახალი მატერია გამჭვირვალეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მინიმალურ ენერგიას კარგავს და სინათლესთან კომპლექსურ მანიპულაციებს ასრულებს", - ამბობს კრუკი.

უანგისა და მისი თანამოაზრეების მიერ შექმნილი ინფრაწითელი სურათები სხვადასხვა სფეროში შეიძლება იყოს გამოყენებული.