უფლებადამცველ ანა არგანაშვილის განცხადებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა 8 წლის გიგის სახლის ნგრევის შეჩერებაზე.

"სასამართლოს დასაბუთება არის ძალიან სევდიანი და ტექნიკური, როდესაც სასწორზე დევს ბავშვის უსაფრთხოება და მისი სახლის გადარჩენა. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ბავშვს ვუთხარით სასამართლო მას მთელი გულით და ყურადღებით მოუსმენდა. სასამართლოს უარს გავასაჩივრებთ. ბავშვმა სამართლიანობის არსებობის იმედი არ უნდა დაკარგოს", — წერს არგანაშვილი ფეისბუქგვერდზე.

არგანაშვილის განცხადებით, გიგის, ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლები და 79 წლის ბებია, ყველანი არიან დევნილები. მისივე თქმით, მათ აქვთ პატარ სახლი, რომლის დანგრევის შემთხვევაში ისინი დარჩებიან გარეთ, ყინვაში.

უფლებადამცველი ამბობს, რომ სახლის დემონტაჟი დაგეგმილია ხვალ, 20 დეკემბერს. აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე დღის წინ გამოემხმაურა მერიის მუნიციპალური სამსახური და განაცხადა, რომ დემონტაჟი ამ დღეს არ არის დაგეგმილი.

"სხვა შემთხვევების მსგავსად, დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ წერილობითი გაფრთხილება ჩანგელიების სახლზეც განათავსა, სადაც კონკრეტული ვადა არ ყოფილა მითითებული. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე შესახლებულ შენობებზე თბილისის მერიის უფლებამოსილება არ ვრცელდება, რადგან მოსახლეობის გამოსახლებას მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს", — წერდა ინსპექცია განცხადებაში.

ამის პასუხად არგანაშვილმა განაცხადა, რომ სახლის დანგრევის შიში რომ არ გასჩენოდათ გიგის და მის მშობლებს, გასართობად სასამართლოში არავინ დადის.

"გაფრთხილება, რომელიც გიგის ოჯახს კარებზე მიუკარით და სიტყვა-სიტყვით ამბობდა: "შენობა ნაგებობის მწარმოებელ პირს გევალებათ 2 დღის ვადაში წარმოადგინოთ მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები... უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემის გარეშე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას", — დაწერა არგანაშვილმა.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ქალაქის მერიამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. მერიის განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 შემთხვევა გამოვლინდა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს. პასუხად ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

On.ge-სთან საუბრისას რამდენიმე ადგილობრივმა აღნიშნა, რომ ისინი მრავალშვილიანები არიან და ამ სახლებს წლების განმავლობაში შეგროვებული ფულით იშენებდნენ. მათი თქმით, ხშირად შვილების გამოსაკვები ფულიც არ აქვთ.

მერიის გადაწყვეტილებაზე საზოგადოების კრიტიკის შემდეგ კალაძემ გადაწყვიტა გავრცელებული ფოტოს გმირებს ბინა აჩუქოს.

გაიგეთ მეტი: