ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა. კერძოდ, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე.

უწყებაში განმარტავენ, რომ პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა ამ წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ დამქირავებლისგან, რომელსაც ახალი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობის უფლება, მიიღებენ 300 ლარიან კომპენსაციას.

მათი განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ 73 600 განაცხადია დარეგისტრირებული. პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენა 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

უწყებაში განმარტავენ, რომ რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები, ნებისმიერი ვებ ბრაუზერის გამოყენებით, თავად წარადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან. ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები და ობიექტის მფლობელები.

გაიგეთ მეტი: