ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ დღეს, 18 დეკემბერს Wizz Air-მა პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველი ავიარეისი შეასრულა.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ჯამში დღეს 181 მგზავრს მოემსახურა.

მგზავრებს აეროპორტში ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი დახვდა. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მათი ორგანიზებით, როგორც გამფრენ, ისე ჩამომფრენ მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე საახალწლო პერიოდში 3 რეისს განახორციელებს. მომდევნო რეისები 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს დორტმუნდი-ქუთაისი- დორტმუნდის რეისი COVID 19-ის პანდემიის დროს დაწესებული ყველა რეგულაციით შესრულდა.

Covid-19-ის პირობებში ფრენისას შემდეგი რეგულაციები მოქმედებს:

  • ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, გამცილებლის გარეშე;
  • გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ ბავშვისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში;
  • პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია;
  • ასევე, მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი
    ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან.

გერმანიის ქალაქ დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები 2016 წლიდან ხორციელდებოდა.

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ სახელმწიფო საზღვარზე, 8 დღიან თვითიზოლაციას დაექვემდარებიან, PCR ტესტის არ ქონის შემთხვევაში, კარანტინის ნაცვლად, 12 დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ.

რაც შეეხება საზღვრის კვეთის კუთხით გერმანიის მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს, ტურისტებისთვის, უვიზოდ მგზავრობა გერმანიაში, ჯერჯერობით, ნებადართული არ არის. შესვლაზე შეზღუდვა ვიზის არსებობის შემთხვევაში არ ვრცელდება. სხვა დანარჩენი პირებისათვის [ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი; მაღალკვალიფიციური მუშახელი, სტუდენტები რიგ შემთხვევაში] გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება დაშვებული.