ბალანსი, კრიტიკული ტონი, პროსახელისუფლებო განწყობა — რა წერია მედიამონიტორინგის ანგარიშში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

18 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის დასკვნითი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით მოამზადა და მასში შესულია ტელე/რადიო ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე დაკვირვების შედეგები — როგორ აშუქებდნენ საპარლამენტო არჩევნების წინა, მიმდინარე და შემდგომ პერიოდს. ასევე, ანგარიში მოიცავს ინფორმაციას ფეისბუქგვერდებისა და ფეისბუქჯგუფების შესახებ — რა სახის მედია კონტენტი ზიარდება, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.

სატელევიზიო ახალი ამბები

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველა არხის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო დაეთმო ქართულ ოცნებას. მას მოსდევს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. ქართული ოცნება ყველაზე დადებითად POSTV-ზე გაშუქდა, ხოლო ყველაზე უარყოფითად — მთავარ არხზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული იყო — მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, სატელევიზიო ახალ ამბებში კვლავ გვხვდება სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენების შემთხვევები. ამ მხრივ გამორჩეულია ობიექტივი, სადაც, როგორც ტრადიციულად, ამჯერადაც არაერთხელ დაფიქსირდა ქსენოფობიური განცხადებები.

ბოლოს კი, კვლევის მიხედვით, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გაშუქება. მონიტორინგის პერიოდში სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სექსისტური განცხადების ავტორები, პოლიტიკოსებთან ერთად, იყვნენ ჟურნალისტებიც.

პირველი არხი

მონიტორები აკვირდებოდნენ პირველი არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას მოამბე 21 საათზე და გადაცემას ახალი კვირა. პირველ არხზე მონიტორინგის პერიოდში მოამბეში ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო. ყველაზე დადებითად პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გაშუქდა (მისთვის დათმობილი დროის 14%), ყველაზე უარყოფითად კი — მიხელი სააკაშვილი (მისთვის დათმობილი დროის 47% ).

ფოტო: პირველი არხი

ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქებისას მეტწილად იცავდა ეთიკურ სტანდარტებს.

"მოამბის ეთერში შუქდება ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ საანგარიშო პერიოდში, თითქმის, არ გასულა მწვავე, ხელისუფლების მამხილებელი კრიტიკული სიუჟეტები. პირველი არხის საერთო-სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ არაკრიტიკული და ლოიალურია", — აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევაში ნათქვამია, რომ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების აქტივობების გაშუქებისას არხის პოლიტიკა საკმაოდ მკაცრი და კრიტიკულია ოპოზიციის მიმართ და არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, შეინიშნებოდა მათი, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობა.

კვლევის მიხედვით, წინასაარჩევნო მონიტორინგის განმავლობაში პირველი არხი პოზიტიურად წარმოაჩენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, სამთავრობო გადაწყვეტილებების და სახელმწიფო პროგრამების დადებითი ტონით გაშუქების გზით. მათ შორის, განსაკუთრებით პოზიტიურად აშუქებდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიხედვით, პირველი არხის ეთერში ხელისუფლების დადებითი ტონით გაშუქება მხოლოდ COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვის თემას არ უკავშირდებოდა.

"მაგალითად, 17 ივნისის 7-წუთიანი სიუჟეტი მიეძღვნა გიორგი გახარიას საარჩევნო გზავნილებს. როგორც წამყვანები, ისე სიუჟეტის ავტორი მხოლოდ ქართული ოცნების საარჩევნო მესიჯებზე, დაპირებებსა და გეგმებზე საუბრობდნენ და, როგორც გახარიას, ისე მმართველ გუნდს მხოლოდ დადებით კონტექსტში წარმოაჩენდნენ", — წერია ანგარიშში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

მონიტორები აკვირდებოდნენ 20 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას მთავარი. კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო — ქართული ოცნება გაშუქდა ყველაზე ნეგატიურად (დროის 20% უარყოფითი ტონით), ხოლო ყველაზე დადებითად — აჭარის მთავრობა (დათმობილი დროის 9% დადებითი ტონით).

კვლევაში ნათქვამია, რომ აჭარის ტელევიზია გამოირჩეოდა ადგილობრივი პრობლემების გაშუქებით და ეთერში ხშირად ისმოდა მოქალაქეების ხმა.

"სიუჟეტებში რესპონდენტები ჩიოდნენ გაჭირვებაზე, რომელიც უკავშირდება როგორც კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, ისე ლარის კურსის გაუფასურებას და გაძვირებულ საკვებსა თუ მომსახურებას. აჭარის ტელევიზიიდან მოქალაქეების მხრიდან ხშირად ისმოდა ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკა. პოლიტიკური პარტიების აქტივობის გაშუქება ხდებოდა მიუკერძოებლად, ზედაპირულად, მხოლოდ აქტივობის ფაქტის გადმოცემით და მნიშვნელოვან ინფორმაციას პარტიებზე, კანდიდატებსა და საარჩევნო პროგრამებზე ვერ აწვდიდა მაყურებელს", — აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევაში, ასევე, ნათქვამია, რომ მეორე საანგარიშო პერიოდი დაემთხვა აჭარაში კორონავირუსის ეპიდაფეთქებას, ვითარების გამწვავებას, რაც აისახა მონიტორინგის შედეგებზე, როგორც რაოდენობრივ, ასევე შინაარსობრივ ნაწილში. კერძოდ, საინფორმაციო გამოშვებაში საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური პარტიების აქტივობის გაშუქებაზე მეტად ეთერი ეპიდემიის მართვას და მის შედეგებს ეთმობოდა.

"ამ პერიოდიდან გამოიკვეთა საინფორმაციო გამოშვებაში აჭარის მთავრობის და მისი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის პოზიტიურად წარმოჩენის და ნაციონალური მოძრაობის უარყოფით ტონში გაშუქების ტენდენცია", — აღნიშნულია კვლევაში.

Palitra TV

პალიტრა TV-ის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 20 საათზე. ანგარიშის მიხედვით, სამონიტორინგო პერიოდში პალიტრა ტვ-მ ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაუთმო და ყველაზე პოზიტიურად სწორედ ეს პარტია გააშუქა (დროის 28 % დადებითი ტონით), ხოლო ყველზე ნეგატიურად არხი ადგილობრივ მთავრობას წარმოაჩენდა (დროის 17% უარყოფითი ტონით).

კვლევაში ნათქვამია, არხი, მეტწილად, იცავს ეთიკურ სტანდარტებს, საინფორმაციო გამოშვებაში არ იყენებენ არანორმატიულ ლექსიკას, ჟურნალისტის ტექსტები ძირითადად მშრალია და არ იკვეთება ვინმეს მიმართ მიკერძოება დადებითი ან უარყოფითი თვალსაზრისით. თუმცა, დოკუმენტისვე მიხედვით, ეს საინფორმაციო გამოშვება არ ცდილობდა, მაყურებლისთვის მიეწოდებინა მრავალმხრივი მოსაზრებები ამბის შესახებ, ფაქტები სიღრმისეულად გამოეკვლია და უმეტესად ე.წ. კადრსინქრონის ფორმატით გაშუქებით შემოიფარგლებოდა.

კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მონიტორინგის პერიოდში პალიტრა ტვ ყველაზე მეტ დროს მმართველ პარტიას და მთავრობას უთმობდა და მათ დადებითად წარმოაჩენდა. არხი დიდ დროს უთმობდა ქართული ოცნების აქტივობის გაშუქებას.

"მაგალითად, 1-ელ ოქტომბერს, ქართული ოცნების პროგრამის პრეზენტაციიდან პირდაპირი ჩართვა 36 წუთს გაგრძელდა. ასევე, მთავარი საინფორმაციო გამოშვების დროს პირდაპირ ეთერში გადაიცა 30 ოქტომბერს მმართველი პარტიის შემაჯამებელი ღონისძიება", — აღნიშნულია ანგარიშში.

მთავარი არხი

მთავარი არხის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 9 საათზე, შაბათის მთავარს და პოსტ ფაქტუმს. ყველაზე მეტი დრო ამ არხის ეთერში ქართულ ოცნებას დაეთმო (დროის 72% ნეგატიური ტონი), თუმცა არხი ყველაზე დადებითად მიხეილ სააკაშვილს (დროის 24% პოზიტიური ტონი) და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას (13% პოზიტიური ტონი) აშუქებდა.

ასევე, კვლევის თანახმად, მთავარი არხი მკვეთრად უარყოფითად აშუქებს ხელისუფლებას და მმართველ პარტიას.

"არხის სარედაქციო პოლიტიკა მთავრობისა და ქართული ოცნების პოლიტიკის კრიტიკის, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად პარტიისა და კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციისკენაა მიმართული", — აღნიშნავენ მონიტორები.

დოკუმენტის მიხედვით, მთავარი არხი ხშირად არღვევს მიუკერძოებელი, ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს და თვალსაჩინოა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა მორგებულია ოპოზიციის, კონკრეტულად კი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებზე.

"ნაციონალურ მოძრაობას მთავარ ოპოზიციურ ძალას ეძახის და მათი წარმომადგენლების მოსაზრებების ტირაჟირებას ახდენს. არხი არ იცავს სუბიექტებს შორის გონივრულ ბალანსს და ხშირად აქვს ეთიკური პრობლემები", — წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ მთავარი არხი მაყურებელს ხშირად სთავაზობს ექსკლუზიურ სიუჟეტებს მაღალი რანგის საჯარო მოხელეების დამალული ქონების შესახებ; არხზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სავარაუდო კორუფციული გარიგებებისა და ტენდერების თემას, რომელშიც მთავრობის წევრები ან მთავრობასთან აფილირებული პირები მონაწილეობენ.

"მაგრამ ხელისუფლების კრიტიკას, რაც მედიის ძირითადი დანიშნულებაა, ხშირად თან ახლავს ეთიკური დარღვევის ფაქტებიც. მმართველი პარტიის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების დროს ინფორმაცია ხშირად დაუბალანსებელია", — წერია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვითვე, მთავარი არხის ჟურნალისტები მმართველი ძალის მიმართ ცინიკურ, დამცინავ, ხშირად შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებენ.

"არჩევნების მოახლოებასთან ერთად არხზე გახშირდა ჟურნალისტების მხრიდან არანარომატიული ლექსიკის, უხამსი გამონათქვამების გამოყენებაც. საინფორმაციო გამოშვებებში, ზოგჯერ, ისმის ამ სახის რეპლიკები — "პუტინის დადანაშაულებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საამისოდ ჩვენს ხელისუფლებას არც საკმარისი ზომის და სიმყარის კვერცხები აქვს და არც უკანალი", — განაცხადა გიორგი გაბუნიამ 6 სექტემბრის პოსტ-ფაქტუმში", — აღნიშნულია დოკუმენტში.

რუსთავი 2

კვლევის თანახმად, რუსთავი 2-ის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ 9-საათიან კურიერს. რუსთავი 2-ის ეთერში ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და ეს პარტია ყველაზე დადებითად გაშუქდა (დროის 16%), ყველაზე უარყოფითად კი —ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (დათმობილი დროის 17%).

დოკუმენტის მიხედვით, რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება ძირითადად ნეიტრალურად, ეთიკური ნორმების დაცვით აშუქებდა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს და ჟურნალისტები არ იყენებდნენ შეურაცხმყოფელ, დამცინავ ლექსიკას პოლიტიკოსების მიმართ. კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ არხზე დაფიქსირებული უარყოფითი ან დადებითი ტონი ძირითადად რესპონდენტებისგან მომდინარეობს, კერძოდ, როცა ერთი პოლიტიკოსი ლაპარაკობს მეორეზე.

მონიტორების აზრით, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა წინა წლებთან შედარებით განსხვავებული იყო და მფლობელისა და სარედაქციო გუნდის ცვლილება მონიტორინგის შედეგებზეც აისახა.

"თუ წინა მონიტორინგის დროს ხელისუფლების მამხილებელი ნიუსები იყო საინფორმაციო გამოშვების გამხსნელი, ამჟამად საინფორმაციო გამოშვებებში, თითქმის, აღარ გვხვდება ექსკლუზიური, სიღრმისეული რეპორტაჟები. ძირითადად შუქდება მოვლენები, მათ შორის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შინაარსისა, თუმცა მაყურებელს პრაქტიკულად არ სთავაზობს თავის მოძიებულ მასალებს კორუფციის, ნეპოტიზმის, თანამდებობის პირთა არაჯანსაღი ბიზნესინტერესების შესახებ და მიჰყვება პოლიტიკოსების მიერ შექმნილ დღის წესრიგს", — აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევის მიხედვით, მრავალთვიანი დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალურია, ვიდრე კრიტიკული.

"რიგ შემთხვევებში შეიმჩნეოდა ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის პოზიტიურად წარმოჩენის მცდელობა", — წერია დოკუმენტში.

კვლევის მიხედვით, სახელისუფლებო მესიჯის გავრცელების ტენდენცია შეინიშნებოდა რუსთავი 2-ზე კარტოგრაფების საქმის გაშუქებისას — ნაკლებად იყო წარმოჩენილი ის კითხვები, რომლებიც ამ საქმის მიმართ აქვს სამოქალაქო საზოგადოებას და წარმოჩენილი იყო უმეტესად ისეთი პოზიციები, რომლებიც პროკურატურის ვერსიას დამაჯერებლობას სძენდა.

კვლევაში ნათქვამია, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ორჯერ მეტი მეტი დრო დაეთმო მმართველ პარტიას, მის წინასაარჩევნო აქტივობებს, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას.

"30 ოქტომბერს ქართული ოცნების შემაჯამებელ ღონისძიებას რუსთავი 2-მა 9 წუთზე მეტი დაუთმო. აქცენტი მხოლოდ ქართული ოცნების დაპირებებზე იყო და არაფერი თქმულა ამ პარტიის მიერ 8 წლის განმავლობაში შეუსრულებელ დაპირებებზე", — აღნიშნულია დოკუმენტში.

კავკასია

კავკასიის ეთერში მონიტორები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ 20:30-საათიან საინფორმაციო გამოშვებას დღეს. სამონიტორინგო პერიოდში ყველაზე ხშირად ქართული ოცნება შუქდებოდა (დროის 36% ნეგატიური ტონით). ასევე, უარყოფითად გაშუქდა მთავრობა (დროის 15% უარყოფითი ტონით).

კვლევაში ნათქვამია, რომ კავკასია მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ამბებს ძირითადად ეთიკურად აშუქებდა, ხოლო მთავარ პრობლემად კვლავ რჩება ამბების გაშუქების ზედაპირულობა.

"კავკასიას არა აქვს საკუთარი, ექსკლუზიური თემები, სიღრმისეული რეპორტაჟები. მისი საინფორმაციო გამოშვება მიმდინარე პოლიტიკური ამბების მშრალად, უმეტესად, ე.წ. კადრსინქრონის ფორმატით გაშუქებით შემოიფარგლება", — აღნიშნულია დოკუმენტში.

იმედი

მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ქრონიკა 8 საათზე და იმედის კვირას. იმედზე ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და ყველაზე დადებითადაც მთავრობა გაშუქდა (დათმობილი დროის 33%-ით), ხოლო ყველაზე უარყოფითად — მიხეილ სააკაშვილი (დროის 75% დაეთმო ნეგატიურ შეფასებას) და ნაციონალური მოძრაობა (დროის 59% დაეთმო ნეგატიურ შეფასებას).

ანგარიშის მიხედვით, დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ არხის მთავარი პრიორიტეტი მმართველი პარტიის და ხელისუფლების დადებითი წარმოჩენაა.

"იმედი დეტალურად აშუქებდა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო აქტივობებს. საინფორმაციო გამოშვებაში, ხშირად, 20 წუთამდე პირდაპირ ეთერიც კი ეთმობოდა ქართული ოცნების პროგრამის პრეზენტაციას, ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას. "მრავალფეროვანი და შენებაზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამა" — ასე დადებითად წარმოაჩენდნენ წამყვანები და ჟურნალისტები მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამას, იქვე ხაზს უსვამდნენ, რომ ახალი სახეებიც წარუდგინეს ამომრჩეველს. ამასთან, საინფორმაციო გამოშვებაში მუდმივად ხდება ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდ ქართუს ღვაწლის ხსენება და მაყურებლისთვის დადებითად წარმოჩენა", — აღნიშნული დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, იმედი, თითქმის, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, გარდა ქართული ოცნებისა, მკვეთრად უარყოფით კონტექსტში აშუქებდა.

"ჟურნალისტები არ ერიდებიან ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი, მადისკრედიტირებელი ფრაზების გამოყენებას აღნიშნული პოლიტიკური ძალის [ენმ] მიმართ, აქცენტს აკეთებენ მხოლოდ მათი მმართველობის ხარვეზებზე. გარდა ამისა, ოპოზიციურ პარტიებს ადანაშაულებენ საარჩევნოდ ძალადობრივი ინციდენტების მოწყობაში და არ საუბრობენ ინციდენტის დროს ხელისუფლების ან სახელისუფლებო პარტიის პასუხისმგებლობაზე. იმედის სიუჟეტების მიხედვით, ყოველთვის ყველაფერში დამნაშავე და პასუხისმგებელი ოპოზიციაა", — წერია კვლევაში.

ობიექტივი

მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, ნამდვილ ამბებს. საინფორმაციო გამოშვებაში ყველაზე მეტი დრო დაეთმო პატრიოტთა ალიანსს და ყველაზე დადებითად სწორედ ეს პარტია გაშუქდა. მისთვის დათმობილი დროის 43% დადებითი იყო. ყველაზე უარყოფითად კი ნაციონალური მოძრაობას (91%) და ევროპულ საქართველოს (90%) წარმოაჩენდნენ.

კვლევის თანახმად, ობიექტივის საინფორმაციო გამოშვება ცალსახად მიკერძოებულია პატრიოტთა ალიანსის მიმართ.

"სამონიტორინგო პერიოდში საინფორმაცო გამოშვებაში არ ტოვებენ პარტიის არც ერთ აქტივობას და სიუჟეტების ნაწილიც პარტიისთვის აქტუალური თემების მიხედვითაა აგებული. ობიექტივზე პატრიოტთა ალიანსს უწოდებენ ქვეყნის მთავარ ოპოზიციური ძალას ან მთავარ ოპოზიცურ პარტიას", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ობიექტივი პატრიოტთა ალიანსის მედია პლატფორმას წარმოადგენს და საინფორმაციო გადაცემის ჟურნალისტების გამონათქვამები არაფრით განსხვავდება პატრიოტთა ალიანსის ლიდერთა გამონათქვამებისგან.

დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ობიექტივის საინფორმაციო გამოშვებაში, თითქმის, არ შუქდება სხვა პოლიტიკური პარტიების აქტივობა, გარდა მმართველი პარტიისა — ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს არხზე უმეტესად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ, ტერმინით "სააკაშვილ-ბოკერიები" ან როგორც "დესტრუქციული ძალა" და მათ შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში მუდმივად გვხვდება ეთიკური დარღვევები.

ფორმულა

მონიტორები აკვირდებოდნენ ფორმულას მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, ფორმულა NEWS-ს, შაბათის ფორმულას და გადაცემა დროებას. კვლევის მიხედვით, მთელი პერიოდის განმავლობაში ფორმულაზე ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო (დროის 58% ნეგატიური ტონით) და ყველაზე უარყოფითად ადგილობრივი ხელისუფლება და მთავრობა გაშუქდა (დროის 62 % ნეგატიური ტონით).

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფორმულა NEWS ძირითადად იცავს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს. რაც შეეხება შაბათის ფორმულასა და დროებას, კვლევის მიხედვით, ამ გადაცემებში ხშირად მიმართავენ ფაქტებით, კადრებითა და მუსიკით მანიპულირების ხერხებს მაყურებელზე ზეგავლენის გასაძლიერებლად.

"გარდა ამისა, ამ გადაცემაში წამყვანები და ჟურნალისტები არ ერიდებიან ხელისუფლების მიმართ ხშირად დამცინავი, არაკორექტული ლექსიკის გამოყენებას. მაგალითად:

"ბოლო წლებია, ხელისუფლებამ საკუთარი სადამსჯელო რაზმები მშვიდობიან მოქალაქეებზე გამოწრთო. როგორ ისროლონ სწორად რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი ყუმბარები, როგორ გამოიყენონ წყლის ჭავლი, როგორც სადამსჯელო მათრახი. ბოლო წლებია, ხელისუფლება — ძალოვანი უწყება ცივილიზებულ სამყაროს აჩვენებს, როგორ უნდა დაშალო აქცია ყველა წესების დარღვევით. თითქოს შევეჩვიეთ, რომ ამის გამო არავინ ისჯება", — ასეთი ცინიკური და ირონიული ტექსტი მიუძღვნა შაბათის ფორმულას წამყვანმა ბიძინა ივანიშვილს", — აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, ამ არხის ეთერში კრიტიკის მთავარი ობიექტია ხელისუფლება. გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ არის შემთხვევები, როდესაც სიუჟეტებში ბალანსი მხოლოდ ფორმალურად არის დაცული, ხოლო ზოგჯერ შეინიშნება ოპოზიციის სასიკეთოდ ბალანსის დარღვევის შემთხვევები.

მაესტრო

მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 9 საათზე. ეთერში ყველაზე მეტი დრო ქართული ოცნების გაშუქებას დაეთმო და ყველაზე დადებითადაც ეს პარტია წარმოჩნდა (დროის 19% პოზიტიური ტონით), ყველაზე უარყოფითად — მიხეილ სააკაშვილი (დროის 44 % ნეგატიური ტონით) და ნაციონალური მოძრაობა (დროის 44% უარყოფითი ტონით).

კვლევის მიხედვით, მაესტროზე შეიმჩნეოდა მმართველი პარტიისა და მთავრობის პოზიტიურად წარმოჩენის ტენდენცია და არხზე პოზიტიურად შუქდებოდა სამთავრობო გადაწყვეტილებები, ინიციატივები და სახელმწიფო პროგრამები.

რაც შეეხება გენდერულ სტერეოტიპებს, დოკუმენტის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ საანგარიშო პერიოდში გასულ სიუჟეტებში, რომლებიც ეხებოდა გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრას, მომხდარი დანაშაულის ქალისთვის დაბრალებას ჰქონდა ადგილი, რაც გენდერული სტერეოტიპების გაღრმავებას და დისკრიმინაციის წახალისებას წარმოადგენს:

"დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი თოფაძეების ოჯახში სტუმრად მყოფი ქალია, რომელთანაც, როგორც ირკვევა, თოფაძე მეგობრობს, ჟვანიას კი წარსულში გარკვეული სახის ურთიერთობა ჰქონდა". ჟურნალისტი კი სიუჟეტში აღნიშნავდა — "თოფაძეების ოჯახში სისხლიანი გარჩევის მიზეზი, სავარაუდოდ, გოგონა გახდა, რომელიც თოფაძეებთან გვიან ღამით სტუმრად იმყოფებოდა", — განაცხადა წამყვანმა 2 აგვისტოს მაესტროს ეთერში", — აღნიშნულია დოკუმენტში.

TV პირველი

მონიტორები ყოველდღიურ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას პირველებს და ნოდარ მელაძის შაბათს აკვირდებოდნენ. ამ არხზე ყველაზე ბევრჯერ ქართული ოცნება გაშუქდა (დროის 53% უარყოფითი ტონით ), ყველაზე უარყოფითი გაშუქება კი დათმობილი ჰქონდა მთავრობას (დროის 66% უარყოფითი ტონით).

კვლევაში ნათქვამია, რომ TV პირველი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არხია და მისი საინფორმაციო გამოშვებები ექსკლუზიური, სიღრმისეული რეპორტაჟებით გამოირჩევა.

"საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად შუქდება თემები თანამდებობის პირთა კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ნეპოტიზმის შესახებ. მმართველი პარტია და ხელისუფლება ძირითადად უარყოფითადაა წარმოჩენილი. ზოგადად, TV პირველს ახასიათებს წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან სუბიექტური ტონი და შეფასებები, რაც ტენდენციურობის შთაბეჭდილებას უქმნის მაყურებელს", — აღნიშნულია კვლევაში.

ანგარიშის მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როცა საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტებში დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

POSTV

მონიტორები აკვირდებოდნენ POSTV-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 19 საათზე. პარტიებიდან ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო (დროის 39% დადებითი ტონით). ყველაზე ნეგატიურად მიხეილ სააკაშვილი გაშუქდა, (დროის 86% — უარყოფითი ტონით), ხოლო ყველაზე პოზიტიურად — ქართული ოცნება და მთავრობა (დროის 39 და 38% პოზიტიური ტონით).

კვლევაში აღნიშნულია, რომ ტელეარხი POSTV პროსახელისუფლებოა და, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პარტიის პროპაგანდის იარაღია.

"მის ეთერში, ფაქტობრივად, არ გადის კრიტიკული რეპორტაჟები ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ქართული ოცნების მისამართით. არხი მუდმივად დადებითად წარმოაჩენს ქართულ ოცნებას და, ასევე, მუდმივად ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას. POSTV-ზე ოპოზიციას ძირითადად რადიკალებად მოიხსენიებენ", — წერია დოკუმენტში.

რადიო

კვლევის თანახმად, გაირკვა, რომ რადიომაუწყებლების უმეტესობა რომელიმე პოლიტიკური გუნდის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდა და ახალი ამბებიც მეტწილად დაბალანსებული იყო. თუმცა, საინფორმაციო გამოშვებების ხარისხი ჯერ კიდევ დაბალია: ახალი ამბების კონტენტი მეტწილად მშრალი და ზედაპირული იყო — ხშირ შემთხვევაში ახალ ამბებში ახალი და აქტუალური არაფერი იყო: სიუჟეტები მოკლებული იყო კონკრეტულ თემას, პრობლემას და ფოკუსს; ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საინფორმაციო გამოშვებებში თემების აქტუალურობას კვლავაც პოლიტიკოსთა განცხადებები განსაზღვრავდა და არა ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია — ახალი ამბები ხშირად მხოლოდ რესპონდენტების მიერ გაკეთებული ზოგადი ხასიათის განცხადებების გავრცელებას ემსახურებოდა;

მონიტორები 10 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს აკვირდებოდნენ:

  • საქართველოს რადიო (საზოგადოებრივი მაუწყებელი);
  • თავისუფლება;
  • იმედი;
  • მაესტრო;
  • პალიტრა;
  • პირველი რადიო;
  • ჰერეთი;
  • მარნეული;
  • ძველი ქალაქი (ქ. ქუთაისი);
  • სამხრეთის კარიბჭე(ქ. ახალციხე).

ბეჭდური მედია

კვლევის მიხედვით, გაზეთების ნაწილი, ხშირ შემთხვევაში, მკითხველს დაუბალანსებელ, ერთ წყაროზე დაყრდნობით მომზადებულ სტატიებს სთავაზობდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაზეთების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება რჩება.

"ზოგიერთ გამოცემაში პრობლემად რჩება პოლიტიკოსთა — როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, მისამართით ჟურნალისტების მხრიდან შეურაცხმყოფელი და არაეთიკური ტერმინოლოგიის გამოყენება", — წერია დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, მსგავსი ტერმინები ხშირი იყო რესპონდენტთა განცხადებებშიც, თუმცა, ჟურნალისტები მათგან გამიჯვნას არ ცდილობდნენ; ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ხელს უწყობდნენ როგორც რესპონდენტები, ასევე ზოგიერთი გამოცემის ჟურნალისტი.

მონიტორები 8 გამოცემას აკვირდებოდნენ:

  • რეზონანსი;
  • ახალი თაობა;
  • კვირის პალიტრა;
  • ალია;
  • ასავალ-დასავალი;
  • ქრონიკა+;
  • საქართველო და მსოფლიო;
  • გურია news.

ონლაინ მედია

მედიამონიტორინგის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ მედიისთვის პოლარიზაცია ნაკლებად დამახასიათებელია, რამდენიმე მათგანში მაინც გამოიკვეთა ხელისუფლების დადებითად წარმოჩენისა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა. თუმცა, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ონლაინ მედიაში, თითქმის არ არის სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები ჟურნალისტების ტექსტებში. მონიტორები ონლაინ მედიაში ორ ძირითადად პრობლემას გამოყოფენ: სარეკლამო და სარედაქციო მასალების არასათანადოდ გამიჯვნა და პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირების განცხადებების გაშუქება უკომენტაროდ და უცვლელად.

მონიტორები 13 ონლაინ მედიას აკვირდებოდნენ:

  • ambebi.ge;
  • Interpressnews.ge;
  • kvira.ge;
  • mpn.ge;
  • Netgazeti.ge;
  • News.on.ge;
  • primetime.ge;
  • Publika.ge;
  • radiotavisupleba.ge;
  • reginfo.ge;
  • sknews.ge;
  • sputnik-georgia.com;
  • tabula.ge

შეიძლება ითქვას, რომ სხვებთან შედარებით, ონლაინ მედიას მონიტორები ყველაზე დადებითად აფასებენ. დოკუმენტის თანახმად, იმედისმომცემია ის გარემოება, რომ გასულ წლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებთან შედარებით, 2020 წლის მედიამონიტორინგის პერიოდში აღმოჩნდა მეტი ვებგვერდი, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით მუშაობას და საკითხების როგორც მიუკერძოებელ, ასევე სიღრმისეულ გაშუქებას.

"შესაბამისად, მრავალი პრობლემის მიუხედავად, 2020 წლის საარჩევნო პერიოდში საქართველოს მოსახლეობას ჰქონდა მეტი შესაძლებლობა, რომ ონლაინ მედიის მეშვეობით გაცნობოდა სანდო ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ", — წერია ანგარიშში.

რაც შეეხება უშუალოდ News.on.ge-ს, კვლევაში ნათქვამია, რომ News.on.ge აქტიურად და მიუკერძოებლად აშუქებდა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და ვებგვერდზე დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები. ასევე, არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ.

სოციალური მედია

ანგარიშის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook-ია, მონიტორინგი განხორციელდა სწორედ იმაზე, თუ როგორ იყენებენ ამ პლატფორმას საარჩევნო პერიოდში ტრადიციული მედია და საარჩევნო სუბიექტები, რა ტიპის მედიაპროდუქტებს უგროვდებათ ყველაზე მეტი ინტერაქცია მომხმარებელთა მხრიდან და რა ტიპის მედიაპროდუქტები ზიარდება ისეთ ვირტუალურ სივრცეებში ფეისბუქზე, სადაც ყველაზე მეტი მომხმარებელია თავმოყრილი — ღია ჯგუფებსა და პოპულარულ გვერდებზე, რომლებსაც ასეულობით ათასი წევრი თუ გამომწერი ჰყავთ.

მონიტორები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ:

  • 13 ონლაინ მედიის Facebook გვერდს;
  • 6 სატელევიზიო არხის Facebook გვერდს;
  • 60 ღია ჯგუფს;
  • 137 პოპულარულ გვერდს;
  • პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, თბილისის მერის,
    აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, აჭარის მთავრობის, 11 სამინისტროსა და 4
    მინისტრის Facebook გვერდებს;
  • 12 პოლიტიკური პარტიისა და 25 პოლიტიკოსის Facebook გვერდს;
  • სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებულ 20, Facebook-ზე ყველაზე ფართოდ გავრცელებულ (ინტერაქციების რაოდენობის მიხედვით) მედიაპროდუქტს.

კვლევის თანახმად, Facebook-ის მეშვეობით, ინტერაქციების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე ფართოდ სატელევიზიო არხებისა და მათი ვებგვერდების მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები ვრცელდებოდა და საეთერო მაუწყებლობის მსგავსად, სატელევიზიო არხების Facebook გვერდების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაშიც შეინიშნებოდა პოლიტიკური პოლარიზაცია;

დოკუმენტში წერია, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა სულ ორი პრობლემური გვერდი: ალტ-ინფო და ალტ-კლუბი, რომლებიც 23 ოქტომბერს Facebook-მა გააუქმა და ეს გვერდები სოციალურ ქსელში აღარ იძებნება; ამასთან, Facebook-ზე არსებულ ღია ჯგუფებში საკმაოდ დიდი სიხშირით ზიარდებოდა მომხმარებელთა მიერ ისეთი მედიაპროდუქტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად შეეხება პოლიტიკურ საკითხებს;

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურები და სახელმწიფო უწყებები მონიტორინგის პერიოდში მათ Facebook გვერდებს იყენებდნენ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და არა პოლიტიკურ ოპონენტთა დისკრედიტაციის მიზნით;

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრის სამთავრობო გეგმის მედიაში გაშუქება აისახა იმაში, რომ სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელებულ მედიაპროდუქტებს შორის ჭარბობდა ისეთი მასალები, რომლებშიც დადებითად იყო გაშუქებული პრემიერმინისტრი.

"ეს გარემოება განაპირობა იმან, რომ მონიტორინგის პერიოდში სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდებოდა პრემიერმინისტრის მხრიდან, რაც შესაბამისად აისახა სოციალურ ქსელში მის მიმართ დადებითი მასალების ფართო გავრცელებაში", — განმარტებულია დოკუმენტში.

როგორ ჩატარდა მედიამონიტორინგი?

ანგარიშში 15 ივნისიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგებია მოცემული. სატელევიზიო მთავარი საინფორმაციო გამოშვებების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტებია: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება.

გაშუქების ტონი ენიჭება სუბიექტს მაშინ, როცა მასზე საუბრობენ ირიბად და, ასევე, მაშინ, როდესაც ის თვითონ საუბრობს საკუთარ თავზე, სხვა სუბიექტებზე ან ზოგად საკითხებზე. დიაგრამებზე ნაჩვენებია ტონის სამი კატეგორია: დადებითი (მწვანე), ნეიტრალური (ყვითელი) და უარყოფითი (წითელი).

როდესაც ითვლება სუბიექტისთვის დათმობილი დრო, იქვე ხდება დათმობილი დროის
ტონის შეფასებაც. თვისებრივად მონიტორინგის დროს ყურადღება ექცევა ბალანსს, ანუ რამდენად არის სიუჟეტებში წარმოდგენილი გაშუქებული საკითხის შესახებ რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება, ასევე სიზუსტეს, რომლის შესაფასებლადაც მონიტორი აკვირდება, თუ რამდენად შეესაბამება ერთმანეთს ჟურნალისტის დასკვნა და სიუჟეტში გამოყენებული მასალები (კადრები, რესპონდენტების კომენტარები).

ანგარიში მომზადებული და გამოცემულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

მედიამონიტორინგი მოიცავს 43 მედიაგამოცემას — 12 სატელევიზიო არხს, 13 ონლაინ გამოცემას, 10 რადიო მაუწყებელს და 8 ბეჭდურ პრესას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი

ქართველი გულშემატკივრების ის თაობა, ვინც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთთან ერთად გავიზარდეთ, ამ დღეს 30 წელი…