კორონავირუსის მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში პატარა ჩიკაგოელ გოგონას თავისი წვლილი შეაქვს.

პატარაობაში ჰეილი ორლინსკი ჩიკაგოს ლურის ბავშვთა საავადმყოფოს ახალშობილთა რეანიმაციის პაციენტი იყო, შვიდი წლის შემდეგ კი გოგონა ამავე საავადმყოფოს ეხმარება: ის რეზინის "მეგობრობის სამაჯურებს" ამზადებს და ყიდის, რათა სამედიცინო მუშაკებისა და პაციენტების ოჯახების ინდივიდუალური თავდაცვის აღჭურვილობისთვის თანხა შეაგროვოს.

New-York Times-ის ცნობით, ჰეილიმ უკვე 9000-მდე ფერადი სამაჯური გააკეთა და გაყიდა. მისი საქველმოქმედო გვერდის მიხედვით, გაყიდვებით მან საავადმყოფოს COVID-19-ის ფონდს $23 000-ზე მეტი შემატა.

ფოტო: Charles Rex ArbogastHARLES REX ARBOGAST

"ვერც კი ვიჯერებდი. ვიგრძენი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვაკეთებდი", — თქვა ჰეილიმ.

ლურის ბავშვთა საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ტრეისი მაკკასკერმა თქვა, რომ ჰეილიმ საავადმყოფოსთვის ის უმნიშვნელოვანესი სახსრები მოაგროვა, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის სწრაფად ცვლად საჭიროებებთან საპასუხოდ იყო საჭირო.

"ის ჩვენი თანამშრომლებისთვის, პაციენტების ოჯახებისა და საზოგადოებისთვის ნამდვილი შთაგონება და სინათლე იყო. მისი დაუღალავი შრომისა და მხარდაჭერისთვის ძალიან მადლიერები ვართ", — თქვა მაკკასკერმა.

სამაჯურების გაკეთების იდეა ჰეილის პირველად პანდემიის დასაწყისში მოუვიდა, როცა სამედიცინო მუშაკებს ინდივიდუალური თავდაცვის აღჭურვილობა არასაკმარისი რაოდენობით ჰქონდათ.

"დედაჩემთან მივირბინე და პატარა მეგობრობის სამაჯური გავაკეთე. დედას ვუთხარი, რომ ამ სამაჯურების გაყიდვა მინდოდა, რათა ერთ-ერთ საავადმყოფოსთვის თანხა ამეგროვებინა", — თქვა ჰეილიმ.

ფოტო: Charles Rex Arbogast

ჰეილის დედას, ლორის, ეს იდეა არ გაკვირვებია, რადგან იცოდა, რამდენად უყვარდა მის გოგონას სხვების დახმარება. მისი თქმით, ჰეილის ალტრუისტული მხარე უფრო ნათელი მას შემდეგ გახდა, რაც მას სკოლაში სიდაბლის გამო დაუწყეს დაცინვა.

"იმის გამო, რომ მას დასცინოდნენ, ის ახლა უფრო თანამგრძნობია სხვების მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდება", — განმარტა ლორიმ.

ფოტო: Charles Rex Arbogast

დედის დახმარებით ჰეილიმ თანხის ონლაინ შეგროვება დაიწყო, საწყისი მიზანი კი $200 იყო. ის თითოეულ სამაჯურს $3-ად ყიდდა, ხოლო ორს ერთად — $5-ად.

მას შემდეგ, რაც დედამისმა ამის შესახებ Facebook-ზე ვიდეო დადო, ჰეილის საქველმოქმედო კამპანიამ იფეთქა და მას როგორც ჩიკაგოდან, ისე მთელი მსოფლიოდან, ათასობით დოლარის შემოწირულობა შეემატა. მოგვიანებით ქველმოქმედებაში ჩიკაგოს მერი ლორი ლაითფუტიც ჩაერთო.

საშუალოდ ჰეილის ერთი სამაჯურის გასაკეთებლად დაახლოებით 2 წუთი სჭირდება, თუმცა მაღალი მოთხოვნის გამო მას ახლა უმცროსი დაიკო ელი და მისი მეგობრებიც ეხმარებიან.