ახალი კანონპროექტის მიხედვით, ნიუ-იორკის შტატი აღარ გაყიდის ან გამოაჩენს ნებისმიერ ისეთ რამეს, რაც "სიძულვილის სიმბოლოა", მათ შორის კონფედერატების დროშას.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ სამშაბათს, 15 დეკემბერს, ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მყისიერად შევიდა ძალაში. კანონპროექტი კრძალავს საჯარო საკუთრებაზე "სიძულვილის სიმბოლოების ან ნებისმიერი სხვა მსგავსი გამოსახულების თუ ასეთი გამოსახულების მქონე ხელშესახები კერძო საკუთრების გაყიდვას და გამოფენას".

"ტერმინი 'სიძულვილის სიმბოლოები' მოიცავს — მაგრამ არაა შეზღუდული — თეთრკანიანთა აღმატებულობისა და ნეონაცისტური იდეოლოგიის სიმბოლოებს ან კონფედერაციის საომარ დროშას", — წერია კანონპროექტში.

კონფედერატების ემბლემა დიდი ხნის განმავლობაში იყო განხეთქილების სიმბოლო. ზოგის თქმით, ის მემკვიდრეობასა და სიამაყეს ასახავდა, სხვებისთვის კი — რასიზმს. განურჩევლად ამისა, ის თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეის მატარებელ დაჯგუფებებში პოპულარული გახდა და ანტიდიფამაციური ლიგის მიერ სიძულვილის სიმბოლოდაა მიჩნეული.

კუომომ კანონპროექტის მიღების მიზეზად არატოლერანტულობისა და სიძულვილის ზრდა დაასახელა.

"აშშ-ში ანტისემიტური, ანტიაფროამერიკული, ანტილათინოამერიკული და ანტილგბტ ქცევის გავრცელება ეწინააღმდეგება ჩვენს, როგორც ნიუიორკელებისა და ამერიკელების, ღირებულებებს. ახალი თაობა ახლა დისკრიმინაციის, სიძულვილის და ძალადობის მზარდ ტალღას ხედავს, რაც თაობათა პროგრესს უქმნის საფრთხეს. სახელმწიფო საკუთრებაზე, მათ შორის შტატის მიწებზე, კონფედერატების დროშის, ნაცისტური სვასტიკისა და სიძულვილის სხვა სიმბოლოების გაყიდვისა და გამოფენის შეზღუდვით ეს კანონპროექტი ნიოიორკელებს ამ საშინელი სიმბოლოების შიშისმომგვრელი ეფექტებისგან დაიცავს", — დაწერა მან.