ბიზნესსაქმიანობის წარმატება არაერთ ფაქტორს უკავშირდება, თუმცა მათგან მთავარი შექმნილი პროდუქტი ან მომსახურებაა, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს. სწორედ პროდუქტი იქცევა ერთგვარ სავიზიტო ბარათად, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს კიდეც ბრენდის ბაზარზე დამკვიდრებასა და რეპუტაციის მოხვეჭას.

ეს, ერთი შეხედვით, მარტივი ჭეშმარიტებაა, თუმცა მეორე საკითხია, როგორ ხდება შექმნილი პროდუქტის/მომსახურების შეფუთვა, სანამ იგი უშუალო ადრესატამდე მივა. გარდა თეორიული ცოდნისა, ამის ეფექტური განხორციელება გამოცდილებასაც მოითხოვს, ეს ყველაფერი კი კარგად გათავისებული აქვს იმ ხუთ ბრენდს, რომელიც 2020 წლის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტია ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის — ალტერსოქსი, Jimsher, AE Solar, Terminal და Kohi.ge. რა არის მათი ნოუ-ჰაუ, როგორ დაეხმარათ გამოცდილება 2020-ში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში და რა მიმართულებებით იგეგმება სამომავლოდ საქმიანობის გაგრძელება — ამ თემებზე ნომინანტებს On.ge ესაუბრა.

ალტერსოქსი

ფოტო: AlterSocks • ალტერსოქსი / Facebook

2016 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა მრავალფერადი წინდების მწარომებელი ბრენდი ალტერსოქსი, შექმნის იდეა კი რევაზ ბესელაშვილსა და ნინა მენთეშაშვილს ეკუთვნოდათ. სახელის მიხედვით, "ალტერნატიული წინდების" შემქმნელმა კომპანიამ ადვილად შეძლო ცნობადობის მოპოვება და განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდებს შორის გახდა. ერთფეროვანი და მრუმე წინდების სამყაროში ბრენდმა ფერადი და ნახატებით გაფორმებული პროდუქციის წარმოება მოსაწყენის მხიარული ალტერნატივით ჩანაცვლების სურვილით დაიწყო, თუმცა ორიგინალური დიზაინით შექმნილი წინდები, როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, მალევე იქცა თვითგამოხატვის ერთგვარ საშუალებად.

წარმატებული პროდუქტის შექმნას ალტერსოქსის სწრაფი ტემპით ზრდა მოჰყვა — ერთი ფილიალით დაწყებული საქმიანობა დღეს საქართველოს მასშტაბით 8 სხვადასხვა ფილიალზე გრძელდება. ფილიალები სავაჭრო ცენტრებში განთავსებული სტენდები და აეროპორტში მდებარე ვენდინგ მანქანაა, თუმცა პროდუქციის რეალიზება საექსპორტზე ბაზარზეც ხდება 15 ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო სივრცის გაფართოების სურვილი ბრენდს 2020 წელსაც ჰქონდა, პანდემიამ, ცხადია, გეგმებს სახე უცვალა. თუმცა, ალტერსოქსისთვის წარმატებული აღმოჩნდა 2019 წელი, როცა გარდა საზღვარგარეთ გასული პროდუქციისა, გაიხსნა ფილიალი ბელარუსშიც. წელს გამოწვევებზე საპასუხოდ კომპანიამ სოციალური მედიის არხების გააქტიურება გადაწყვიტა, ონლაინსივრცე კი მათ ელექტრონული გაყიდვების საფრანგეთში ამოქმედებაშიც დაეხმარა. წლევანდელი წლისთვის დაგეგმილი პროექტების სისრულეში მოყვანას ალტერსოქსი 2021-სთვის იმედოვნებს, თუმცა, როგორც რევაზი აღნიშნავს, მათთვის უმთავრესი ბრენდის განვითარება და გაძლიერებაა.

სწორედ განვითარების და მასშტაბურ კონკურსში კიდევ ერთი აღიარების მოპოვების სურვილი იქცა ბიზნესდაჯილდოების მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობის მოტივაციად, თუმცა ამ დრომდე მიღებული გამოცდილება ბრენდისთვის უკვე ნაყოფიერი გამოდგა.

"ამ პროექტის ფარგლებში ბევრი კარგი მეგობარი შევიძინეთ", — აღნიშნავს რევაზი, — "[ეპიდსიტუაციის გაუარესებამდე] გვქონდა შეხვედრები, იყო ფინალისტების დასახელებაც და ამ დროს მოვახერხეთ კონტაქტების გაცვლა. ამასთან, ამ პროექტში გამარჯვება ალტერსოქსისთვის კიდევ ერთი აღიარება იქნება, რომ ვაკეთებთ კარგ საქმეს და ვაკეთებთ სწორად".

JIMSHER

ფოტო: Jimsher / Facebook

კომპანია Jimsher-ის დამფუძნებლისთვის, ჯიმშერ ჩხაიძე-ასკანელისთვის, ქართული ღვინის ათასწლოვანი ტრადიციები შთაგონების წყარო გახდა. ქართული წარმოების ვისკის შექმნის იდეა მას თავდაპირველად 2005 წელს გაუჩნდა, არაერთი მცდელობისა და მიღებული შედეგის შემდგომ კი 2016 წლის ოქტომბერში პროდუქტის ბაზარზე გამოჩენა დაანონსდა. იმ დროისათვის, იგი გათვლილი იყო საექსპორტო ბაზარზე გასატანადაც, რადგან საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნას აკმაყოფილებდა. შესაბამისად, 2017 წელს პირველად გამოშვებულ ქართულ ვისკის მსოფლიოში პოპულარობის მოპოვებაც არ გასჭირვებია. ამაზე მეტყველებს არაერთი მიღებული პრიზი და საერთაშორისო აღიარება, რომელთა შორისაც აღსანიშნავია 2017 წელს, ლონდონში გამართულ კონკურსზე, Global Travel Retail Spirits Master, მიღებული ოქროს მედალი.

მიუხედავად ამისა, ბრენდისთვის პრიორიტეტული იყო ადგილობრივი ბაზარი და საკუთარ მომხმარებელთან კომუნიკაცია, რის საშუალებადაც ბიზნესდაჯილდოება იქცა.

"მსოფლიო აღიარების მიუხედავად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველ მომხმარებელში ცნობადობის ამაღლება და პროდუქტით მათთან დაახლოება", — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, სალომე ვაშალომიძე, — "ბუნებრივია, როცა შევიტყვეთ ამ კარგი წამოწყების შესახებ, იგი განვიხილეთ, როგორც ერთ-ერთი საშუალება. მართალია ჩვენი პროდუქტი მეტად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა ძალიან ბევრ ავტორიტეტულ კონკურსზე, თუმცა საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ გვაქვს, ამიტომ მივესალმებით თიბისის ინიციატივას რომელიც დიდ სტიმულს აძლევს ქართველ მეწარმეებსა და მწარმოებლებს. ამასთან, ეს მომხმარებისთვისაც მეტად ეფექტური და სანდო გზაა, მეტი გაიგონ საქართველოში წარმოებული პროდუქტის შესახებ".

ამჟამად ბრენდი სამი სახეობის პროდუქციას აწარმოებს, რომლის რეალიზებაც, გარდა საქართველოსი, რვა ქვეყანაში ხდება. მუდმივი განვითარების პირობებში ბრენდი 2020 წლის გამოწვევებსაც შეხვდა და ახალ გარემოებებთან ადაპტირდა. მეტიც, მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჯიმშერისათვის, რადგან 2020-ში დასრულდა უახლესი დანადგარებით აღჭურვილი დისტილერის მშენებლობა. ამასთან, ბრენდმა "ახალ ბაზრებზე გასვლაც" მოახერხა, რის შედეგადაც, კომპანიაში გაყიდვების დინამიკით კმაყოფილნი არიან. არაერთი წარმატების მიუხედავად, 2021 წლისთვის კიდევ უფრო მეტი ბაზრის ათვისება და ქართველ მომხმარებელთან დაახლოება იგეგმება.

AE SOLAR

ფოტო: AE SOLAR

გლობალური კომპანია AE Solar, 2003 წელს, გერმანიის ქალაქ კენისგბრუნში, დაფუძნდა ალექსანდრე მაიერისა და მისი ძმების მიერ. იგი დღესდღეობით მზის ენერგიის პანელების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში; მისი ქარხნები ევროპისა და აზიის კონტინენტებზე მდებარეობს, სადისტრიბუციო ქსელით რეალიზება კი 75-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. ქარხნებს შორის ერთ-ერთი მდებარეობს ქუთაისში, რომელიც "ერთი სახურავის ქვეშ არსებულ საწარმოებს შორის უდიდესია".

"იცოდით, რომ მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მზე დედამიწას აძლევს 1.74x1017 ვატ ენერგიას, ანუ, უფრო გასაგები რომ იყოს, 1 საათის განმავლობაში 50 კვადრატულ მეტრზე 10-ჯერ მეტი ენერგიის მოცემა შეუძლია მზეს, ვიდრე ადამიანი იყენებს ამ კონკრეტულ ფართობზე მთელი დღის განმავლობაში", — ამ რიცხვებით იწყებს კომპანიის შექმნის იდეის ახსნას AE Solar-ის გლობალური მარკეტინგისა და PR-ის ხელმძღვანელი, სალომე ბიბილაშვილი, — "თანაც, ეს ხომ 100 პროცენტით სუფთა, განახლებადი ენერგიის წყაროა?! ამცირებს ნავთობზე, ნახშირზე და ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულებას ელექტროენერგიის წარმოებისთვის. შესაბამისად, არ ანაგვიანებს დედამიწას. გარდა ამისა, არის გაცილებით უფრო იაფი გრძელვადიანი მოხმარებისას".

როგორც სალომე აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ კომპანია "ქმნის საუკეთესო პროდუქტს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში", იქცა მოტივაციად, მონაწილეობა მიეღოთ ბიზნესდაჯილდოებაში.

"მზე არის მომავლის ენერგია, ჩვენი საწარმო კი მომხმარებელს სთავაზობს გერმანულ ხარისხსა და მომსახურებას, აღჭურვილია ულტრა თანამედროვე დანადგარებით. კომპანია AE Solar-ს მიზნად აქვს დასახული, წვლილი შეიტანოს მსოფლიოს ისეთი პრობლემების აღმოხვრაში, როგორიცაა კლიმატის კრიზისი", — ამბობს სალომე, — "ასევე მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ დანახარჯი ენერგიაზე გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად დაზოგოს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სრულიად ვართ ექსპორტზე ორიენტირებული და ნაკლებად — ადგილობრივ ბაზარზე, აღსანიშნავია, რომ მთლიანად ბრენდის გლობალური მარკეტინგი და PR საქართველოს ოფისიდან იგეგმება და იმართება, ამიტომაც ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, აუცილებლად გვინდოდა, კომპანია წარმოგვეჩინა ლოკალურ ჭრილშიც და თიბისის ბიზნესდაჯილდოვებამ მოგვცა ეს შესაძლებლობა".

ამ შემართების გათვალისწინებით, კომპანიაში ფინალისტობას ელოდებოდნენ, თუმცა მაინც სასიხარულო აღმოჩნდა წარმატებულ ქართულ კომპანიებთან ერთად ნომინანტობა. აქედან გამომდინარე, დასკვნითი ეტაპისადმი მოლოდინიც ოპტიმისტურია.

რაც შეეხება 2021 წელს, სამომავლო გეგმებზე საუბარს სალომე კომპანიის ქართველი თანამშრომლებისადმი მადლობით იწყებს, რადგან მათ "დიდი გამოწვევებით სავსე წლის ერთად გამკლავებაში" საკუთარი წვლილი შეიტანეს. მიმდინარე წელს კომპანიამ ორი ინოვაცია შესთავაზა მომხმარებელს: NFC — Chips Integrated Solar Panels და ეკლიპსი — პრემიუმ კლასის ულტრა შავი მზის პანელი.

"გვქონდა დაბრკოლებები, ძირითადად ლოჯისტიკის ნაწილში, მაგრამ ყველაფერი დაძლევადია და ზოგადი შეფასებით ვერ დავარქმევდით ცუდ წელს", — დასძენს სალომე, — "2021-დან მეტად მასშტაბური გეგმები გვაქვს, რომელთა შორისაც ბაზრების დივერსიფიცირება და ახალი ინოვაციური პროდუქტების შექმნაცაა".

ტერმინალი

ფოტო: Terminal • ტერმინალი / Facebook

ტერმინალი მულტიფუნქციური სამუშაო სივრცეა, რომელიც ხუთი წლის წინ დაფუძნდა და გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც მსგავსი სერვისი შემოიტანა ქვეყანაში. კომპანიის შემქმნელებს იდეა სწორედ საზღვარგარეთ ცხოვრების შემდეგ გაუჩნდათ, რადგან არაერთ ქვეყანაში მსგავსი სივრცეები ხშირად გამოიყენება, თუმცა მათი არარსებობის გამო სამშობლოში დაბრუნებულ ტერმინალის დამფუძნებლებს კაფეებით სარგებლობა უხდებოდათ. ამიტომ, მოგვიანებით, მათ სტარტაპი შექმნეს; დღეს კი, ფილიალების რაოდენობა თბილისში უკვე 5-ს შეადგენს, სამუშაო სივრცე კი, რომელიც 53 ოფისსა და 13 საკონფერენციო ოთახს მოიცავს, იმდენად დიდია, რომ ერთდროულად 1 000 ადამიანის დატევა შეუძლია. მიუხედავად ამისა, პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა საქმიანობის გზა, ცხადია, შეცვალა.

"პანდემიის დაწყებისას ჩვენ უკვე ვმუშაობდით სამი ახალი ფილიალის გახსნაზე, თუმცა ამ პერიოდს დაემთხვა კარანტინი", — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, ჯინო დოლინი, — "ამდენად ზაფხულში ერთდროულად გავხსენით სამივე ფილიალი. სიმართლე ითქვას, ეს იყო რთული და, როგორც ბიზნესკომპანიების უმეტესობაც, ჩვენც გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით. თუმცა, ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ საერთო სამუშაო სივრცეებს დიდი პოტენციალი აქვს და ეს პოტენციალი მზარდია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რადგან უფრო მოქნილი პირობები გვაქვს, ვიდრე ბინებს ან ბიზნესცენტრებს".

რაც შეეხება ბიზნესდაჯილდოებას, წლევანდელ კონკურსში ფინალისტობა განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა კომპანიისთვის, რადგან ეს მეორე მცდელობაა პრიზიორობის მოპოვებისთვის. ერთი მხრივ, მასშტაბური პლატფორმის ცნობადობის გასაზრდელად გამოყენება, მეორე მხრივ კი კონკურენციის გაწევა და ახალი ბრენდების გაცნობა იყო მოტივაცია, რამაც ტერმინალს 2020 წლის ბიზნესმარათონში ჩაბმისკენ უბიძგა. შესაბამისად, მოულოდნელობასთან ერთად დიდი სიხარულიც იყო იმის შეტყობა, რომ ტერმინალი ფინალისტებს შორის იყო.

ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რთულია, სამომავლო გეგმების ზუსტ თარიღებზე საუბარი, თუმცა ბრენდი ფილიალების გახსნას რეგიონებშიც აპირებს, მათ შორის, სავარაუდოდ, პირველი ბათუმი იქნება; უფრო გრძელვადიან გეგმებში კი ტერმინალის შექმნილი სივრცეების გამოჩენა საზღვარგარეთაც იგეგმება.

KOHI.GE

ფოტო: Kohi.ge

ხის სახლებისა და კოტეჯების მშენებელი კომპანია Kohi.ge ორნახევარი წლის წინ შეიქმნა. დამფუძნებლის, ირაკლი ლომიძის, საზღვარგარეთ ამ სფეროში 20-წლიანი მოღვაწეობის გამოცდილება იქცა იდეად, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საკუთარი საქმიანობა საქართველოშიც გაეგრძელებინა.

"რატომ ქოხი? ჩემი დაკვირვებით, ქვეყანაში მოთხოვნა, ძირითადად, პატარა, 60 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მქონე სახლებზე იყო", — აღნიშნავს ირაკლი.

როგორც იგი დასძენს, ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა ორ ძირითად მიზეზს უკავშირდება: გასულ წელს Kohi.ge გოლდენ ბრენდის პრიზიორი გახდა და კომპანიას სურდა, წელს კიდევ მეტად გაემრავალფეროვნებინა საკუთარი პორტფოლიო; მეორე მხრივ, ირაკლის თქმით, თიბისი, რომელიც კონკურსის ორგანიზატორია, მისი საყვარელი ბანკია, რადგან ყველა მისი კომპანიის ანგარიში სწორედ ამ ბანკშია და, რადგან ამ ერთგვარი თანამშრომლობის გამოცდილება მათთვის წარმატებული აღმოჩნდა, თიბისის ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობის მიღებაზე კომპანიას ბევრი აღარ უყოყმანია.

მიუხედავად იმისა, რომ ფინალისტობა ბრენდისთვის, რასაკვირველია, სასიხარულოა, ირაკლი აღნიშნავს, რომ ნომინანტებს შორის "სერიოზული კონკურენტები" არიან, შესაბამისად, მოლოდინებიც ადეკვატურია.

რაც შეეხება 2020 წელს პანდემიის პირობებში საქმიანობასა და სამომავლო გეგმების დასახვას, მიუხედავად 2019 წელს მიღებული შეკვეთების თითქმის ნახევრების გაუქმებისა, წლევანდელი წელი მაინც სამუშაოთი დატვირთული გამოდგა. ამასთან, თუმცა წელი სავსე იყო სირთულეებით, მიიღეს ახალი შეკვეთებიც, რასაც ირაკლი კარანტინში შექმნილ გარემოებებს უკავშირებს.

"ადრე ჩვენი მომხმარებლების უმეტესობას ის კომპანიები შეადგენდნენ, რომლებიც ტურისტულ სფეროში მოღვაწეობენ", — ამბობს ირაკლი, — "ამდენად, ძირითადად, მინისასტუმროების აშენება გვიწევდა. ეს სურათი წელს მცირედით შეიცვალა, რადგან ჩვენი მომხმარებლები ფიზიკური პირებიც გახდნენ, რომელთაც თავისთვის სურთ აგარაკების აშენება. ეს ალბათ პანდემიით შექმნილ პირობებს უკავშირდება — ადამიანებს მეტად უნდათ ბუნებასთან სიახლოვე და საკუთარ სახლში ცხოვრება; ვისაც ამის სურვილი და საშუალება ჰქონდა, ჩვენ მათ შესაძლებლობა მივეცით".

ამჟამად კომპანია აჭარის რეგიონში, ქობულეთში, საკუთარი საამქროს შექმნითაა დაკავებული. მიმდინარე წელს იგეგმებოდა ევროპის ბაზარზე გასვლაც, თუმცა შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, ეს ვერ მოხერხდა. ამდენად, 2021-ის მიზნებიც კვლავ პროდუქტის საექსპორტოდ გატანას უკავშირდება.