თერჯოლის მერიამ ფეისბუქსა და ვებგვერდზე გამოაქვეყნა ფოტომასალა, როგორ ათვალიერებს მერი, ლაშა გოგიაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, ერთსართულიან, ასიმეტრიულ შენობას, რომელსაც ერთი კარი და ფანჯარა აქვს და თუნუქის ფირფიტებით არის აჭედილი. განცხადებიდან ვიგებთ, რომ ეს სპორტული მოედნის გასახდელია.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გასახდელის ვიზუალს კრიტიკა მოყვა, პოსტი ფეისბუქგვერდიდან გაქრა, თუმცა იდო ვებგვერდზე. რამდენიმე წუთის წინ ის მუნიციპალიტეტის ვებიდანაც აიღეს.

ფოტო: კადრი ვებგვერდიდან / ღვანკითის მუნიციპალიტეტი

ვებგვერდზე განცხადებას თან ახლდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გოგიშვილი გასახდელის მოსაწყობად შესაბამისი მასალის გადაცემას ადგილობრივებს წინასაარჩევნო შეხვედრებისას დაჰპირდა და შეასრულა. შენობა კი თავად მოსახლეობამ ააშენა.

"მიხარია, რომ ჩვენი მომავალი თაობა ასეთი მოტივირებულია. მჯერა, რომ თითოეული მათგანი მაქსიმუმს გააკეთებს და სპორტული ცხოვრების განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს", — აცხადებდა გოგიაშვილი.

მუნიციპალიტეტის მერია წერდა იმასაც, რომ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მათი პრიორიტეტია.