ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში რემდესივირის 4 000 ფლაკონია შემოტანილი და მისი გამოყენება 21 დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ვვარაუდობთ, რომ რემდესივირის გამოყენება პაციენტებში ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს ორშაბათისა. ორშაბათიდან ის უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. რამდენადაც ვიცი, შემოტანილია 4 000 ფლაკონი, რათა ყველა კლინიკაში იყოს გამოყენებული იმ პაციენტებთან მიმართებით, ვისაც სჭირდება. თუ ექსპერტების მოსაზრება იქნება ისეთი, რომ მედიკამენტმა გაამართლა, გააუმჯობესა ან შეამსუბუქა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, რომ შემოიტანოს ახალი პარტია იმ რაოდენობით, რა რაოდენობაზეც მოთხოვნა იქნება", — ამბობს ცერცვაძე.

დღეს, ჯანდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ, განაცხადა, რომ საქართველოში უკვე ჩამოტანილია რემდესივირი. ტიკარაძე ამბობს, რომ პრეპარატს შესაბამის პაციენტებზე კლინიკური ჯგუფი გადაანაწილებს.

ტიკარაძემ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ პრეპარატი თვის ბოლომდე იქნებოდა ქვეყანაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ეს პრეპარატი ქვეყანაში 2 კვირაში შემოვიდოდა, თუმცა მანამდე ბევრად უფრო ადრე, ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე 5 მაისს ამბობდა, რომ პრეპარატი მაისის ბოლოს იქნებოდა ხელმისაწვდომი.

გაიგეთ მეტი: