სიტყვა პედოფილია ქართველი პოლიტიკოსებისა და რადიკალი კონსერვატორების ლექსიკაში ხშირად ისმის. ამის შესახებ ძირითადად მაშინ საუბრობენ, როცა საქმე ლგბტ ადამიანებს ეხება. ხშირად გექნებათ გაგონილი ასეთი ფრაზა: "მალე პედოფილიის, ზოოფილიის და ინცესტის დაკანონება მოხდება!" - არადა საქართველოში პედოფილია არათუ დაკანონებულია, საერთოდ ტრადიციის რანგშია აყვანილი.

აქვე განვმარტავ, რომ პედოფილიას არანაირი საერთო არ აქვს ლგბტ ადამიანებთან და მათ უფლებებთან. უბრალოდ, ამ სიტყვას ხშირად ახსენებენ ადამიანის უფლებების შესახებ მიმდინარე დისკუსიების რელსებიდან გადასაგდებად და კონტექსტის შესაცვლელად.

დაკანონებულია-თქო, შემთხვევით არ მითქვამს, საქართველოში ხშირია არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა, ხოლო ამ ძალადობისთვის პასუხისმგებლობის არიდება ერთი მარტივი პროცედურით შეიძლება - დაქორწინება. ბოლო პერიოდში გახმაურებულ საქმეშიც ქორწინების თემა ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, მანდატური, რომელმაც 15 წლის გოგონასთან სექსუალური ურთიერთობა დაამყარა, მსხვერპლის ცოლად მოყვანას აპირებდა, რაც აქამდე საქართველოში ხშირად მომხდარა.

ასეთი ტიპის დანაშაული ხშირად რჩება საზოგადოების ყურადღების მიღმა, რადგან ოჯახები თავად აგვარებენ პრობლემას. გოგო კი, რომელიც მასზე უფროსმა მამაკაცმა შეაცდინა ან ძალადობის მსხვერპლი გახდა, ოჯახის სირცხვილად ითვლება. ეს ამ პრობლემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასაც კარგად ასახავს. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ კახეთში მომხდარი შემთხვევა, როდესაც 2015 წლის 13 ივლისს დააკავეს 17 წლის ბიჭი, რომელმაც 13 წლის გოგო გააუპატიურა. საქმე ისაა, რომ ამ ბიჭს უკვე ჰყავდა ცოლი, რომელიც იძულებით მას შემდეგ მოიყვანა, რაც გააუპატიურა.

როგორც ჩანს, ამ პირის დანაშაული თავის დროზე მიიჩქმალა და არც პოლიციას შეუწუხებია თავი შემთხვევის გამოძიებისგან.

სახელმწიფოს დამოკიდებულება მსგავსი შემთხვევების მიმართ ხშირად გამაოგნებლად უპასუხისმგებლოა. მაგალითებისთვის გთავაზობთ, ასეთი დანაშაულებების სიას:

სხვათა შორის, ის მანდატური დაიჭირეს, მაგრამ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

შედარებისთვის, ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ადამიანებს 7 ან მეტი წლით ათავსებენ საპატიმროში.

გარდა სახელმწიფო პოლიტიკისა, სექსუალური დანაშაულის მიმართ საზოგადოებაც გულგრილი და ცინიკურია.

პედოფილიით საზოგადოების დაშინება და ლგბტ ადამიანების კონტექსტში ამ პარაფილიის მოხსენიება რუსული პროპაგანდის კლასიკური ნიმუშია. მორალის სადარაჯოზე მდგარი ავტორიტეტები (სამოქალაქო, სასულიერო თუ პოლიტიკოსები) ისტერიულად იმეორებენ, რომ ამერიკა და ევროპა გაგვრყვნის და ჩვენი შვილები დაიღუპებიან. არადა ფაქტი სახეზეა, საქართველოში გარეშე ძალების ჩაურევლად კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს: თუ პედოფილი ბიჭს აუპატიურებს, მას მინიმალური სასჯელით სჯიან - ხოლო საზოგადოება მსხვერპლს რიყავს, ხოლო თუ გოგოა დაზარალებული, ამ შემთხვევაში საქმე ქორწილით გვარდება.

ვიდრე პედოფილიის ეროვნული ტრადიციის აღწერაზე გადავალ, მანამდე გარყვნილ დასავლეთში არსებულ პრაქტიკაზე მოგიყვებით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ ადამიანებს, რომელთაც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი დაუმტკიცდათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში გასდევთ სტიგმა. ამას თავად სახელმწიფო უზრუნველყოფს.

დამნაშავეები ე.წ. რეგისტრირებული სექსუალური მოძალადეების სიაში ირიცხებიან. ეს სია ღიაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იქ მონაცემები მოიპოვოს. მაგალითად, ჩაწერთ თქვენს საფოსტო ინდექსს და თქვენს უბანში მცხოვრებ ყველა სექსუალურ მოძალადეს ამოგიყრით, გაჩვენებთ მათ ფოტოს და მთლიან დოსიეს, მათ შორის ცნობებს დანაშაულის შესახებ. ამ სიაში მოხვედრილი ადამიანები ვალდებულნი არიან, დამსაქმებელს თავიანთი დანაშაულის შესახებ აცნობონ, საცხოვრებელი სახლის შეცვლის შემთხვევაში პოლიციას განუცხადონ, რომ სხვა მისამართზე გადადიან და ზოგიერთ შტატში ისიც კი ევალებათ, რომ მეზობლებს ჩამოუარონ და უთხრან, რომ მათი შვილებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ.

ამ სიაში მხოლოდ სექსუალური მოძალადეები არ ხვდებიან, აქ შეიძლება მოხვდეს ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ან მოიხმარა არასრულწლოვანთა პორნოგრაფია. ამ კლასიფიკაციაში კი მეილზე ან მესენჯერში გაგზავნილი ფოტოებიც გადის.

ამ დანაშაულისთვის მხოლოდ მამაკაცები არ ისჯებიან, იმავე სიმკაცრით სჯის სისტემა ქალ დამნაშავეებსაც. მაგალითად, შარშან ქართული ფეისბუქი ერთი ამერიკელი მასწავლებლის საქმემ მოიცვა. ქალს თავის რამდენიმე მოსწავლესთან ჰქონდა სექსი და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ საქმის განხილვისას დისკუსიაში ჩართული ქართველი მომხმარებლები, პირიქით, ქალისთვის მადლობის გამოცხადებას ითხოვდნენ და უკვირდათ, რატომ იყო მის მიერ ჩადენილი დანაშაული ამხელა აჟიოტაჟის საბაბი. მაშინ გამიჩნდა შეკითხვა, რა მოხდებოდა იგივე ტიპის დანაშაული საქართველოში რომ მომხდარიყო. და აჰა, მოხდა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მანდატურის მიერ 15 წლის გოგონასთან სექსუალური ურთიერთობა არაფრად ჩააგდო. ხშირად შეგხვდებათ კომენტარები იმის შესახებ, რომ ეს გოგო ალბათ "ბოზია" და ცუდი ოჯახიდანაა გამოსული და სწორედ ამიტომ შეემთხვა ეს ყველაფერი. კლასიკური ქართული უპასუხისმგებლობა - დამნაშავედ ისევ მსხვერპლი გამოიყვანეს.

სავარაუდოდ, ბრალდებული რომ მანდატური არ ყოფილიყო და საქმის სკანდალურობა ამით არ გამძაფრებულიყო, ეს თემა მარტივად მიიჩქმალებოდა და საზოგადოება კიდევ ერთ პედოფილს მიიღებდა თავის რიგებში, რომელსაც ტრადიციულად მსხვერპლი მეუღლე "დაუმშვენებდა გვერდს".

განსხვავება გარყვნილ დასავლეთსა და ფსევდოპურიტანულ საქართველოს შორის აშკარაა - როგორც საზოგადოების მიდგომებში, ასევე სახელმწიფოს დამოკიდებულებაში.

ახლა კი განვიხილოთ პედოფილიის როლი საყოფაცხოვრებო და ზოგადად, ქართულ სოციო-კულტურულ ჭრილში.

პასპორტის ჩვენება

ამ სუფრული რიტუალის შესახებ ერთხელ მაინც გექნებათ ყური მოკრული. ხოლო ვინც არ იცით, შეგახსენებთ: ოჯახში გამართულ სუფრაზე, ერთ-ერთი მთვრალი ბიძერი ომახიანად ითხოვს ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრის მაგიდაზე ან სკამზე შემოყენებას და მისი სასქესო ორგანოს ყველასთვის ჩვენებას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ აღნიშნულ ტრადიციას ოდესღაც ვიღაც გარყვნილმა ჩაუყარა საფუძველი, რომელიც ასევე არანაკლებ გარყვნილმა ადამიანებმა აიტაცეს. ეს არც მეტი, არც ნაკლები, საბავშვო სტრიპტიზია. განსაკუთრებულ შემთხვევებში ხშირი იყო სუფრაზე გაშიშვლებული ბავშვისთვის "ყვერებში კოცნის" ფაქტებიც, რაც საბოლოო ჯამში ბავშვისთვის სტრესისა და ტრავმის მიყენებით სრულდებოდა, ხოლო პედოფილი-ბიძერი რაღაც დოზით იკმაყოფილებდა თავის სექსუალურ ფანტაზიას. მასპინძელი ოჯახი და მშობლები ხშირ შემთხვევაში ასეთ აქტივობაში ბრბოს ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი ყიჟინით ერთვებოდნენ.

დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული სუფრის არამატერიალურ მემკვიდრეობად გამოცხადების შემთხვევაში, ამ რიტუალს ძეგლის სტატუსი არ ერგება.

სექსუალური ხასიათის ფოტოების გამოქვეყნება

ეს ტრადიცია სულ ახალია, ინტერნეტ ეპოქაში შეიქმნა და სათავეს ქართველი დიზაინერების ვებგვერდიდან იღებს. რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობარმა, ბლოგერმა დოდი ხარხელმა დაწერა პოსტი, რომელშიც გააკრიტიკა მშობლები, რომელთა თანხმობითაც ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის საიტზე მათი შვილების სექსუალური ფოტოები იყო გამოქვეყნებული. ბავშვები ნახევრად შიშვლები პოზირებდნენ კამერის წინაშე.

პოსტმა მალევე მიიქცია მკითხველის ყურადღება და ბლოგს აღნიშნული ბავშვების დედები, მამები, მათი დაქალები და ძმაკაცები ან ასეთივე ფოტოსესიების მომხრე ადამიანებიც ეწვივნენ. საქმე ისაა, რომ ამ ადამიანებმა პოსტის ავტორსა და მის თანამოაზრეებს შეურაცხყოფა მიაყენეს, რას ჰქვია, ჩვენს შვილებს ვინმე შეხედავს "სხვა თვალითო".

ასეთი ტიპის ფოტოები ხშირად შეგხვდებათ ფეისბუქზეც. ქართველ მშობლებს არათუ იმის აღქმა არ აქვთ, რომ მათი შვილი შეიძლება ვიღაც გარყვნილი ადამიანის ვირტუალური მსხვერპლი გახდეს, არამედ ზოგადად ვერ ხვდებიან, რა არის ცუდი მცირეწლოვანის ბავშვისთვის "მოდელებისნაირი" ფოტოების გადაღებაში. თუ თქვენი ფრენდის შვილი სამოდელო სააგენტოში დადის, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო უარესად იქნება საქმე. ბავშვების სექსუალიზაცია, მათთვის დიდების ტანსაცმლის ჩაცმა და "გამოპრანჭვა" ჩვეულებრივი ამბავია ქართველი მშობლებისთვის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ადამიანებმა საერთოდ არ იციან, საფრთხე რაში მდგომარეობს, ამიტომ მარტივად აგიხსნით - თქვენი 13 წლის შვილის საცურაო კოსტუმში გადაღებულ ფოტოების გამოქვეყნება ფეისბუქზე ან ნებისმიერ სხვა სოციალურ ქსელიში მათ საფრთხის ქვეშ აყენებს.

მამებისა და ბიძიების მიერ 12-16 წლის ბიჭების დასავაჟკაცებლად წაყვანა

ეს ტრადიცია იმ მენტალიტეტის გაგრძელებაა, რომელიც ფლორიდელი მასწავლებლის გმირად გამოცხადებას ითვალისწინებს. ქართველი თინეიჯერები გარკვეული ასაკის მიღწევისას, მამებს, ბიძებს ან ოჯახის სხვა წევრებს სექს-მუშაკებთან მიჰყავთ და ე.წ. დავაჟკაცების რიტუალს ატარებენ. რიგ შემთხვევებში, მამები და ბიძები გვერდით ოთახში თავადაც ერთობიან მეორე სექს-მუშაკთან ან დაკაცების გზაზე მდგარ ნათესავს გარეთ ელოდებიან.

როგორც ცნობილია, პირველი სექსი ერთ-ერთი ყველაზე სტრესული გამოცდილებაა ადამიანის ცხოვრებაში და სწორედ ამ ეპიზოდზეა დამოკიდებული ადამიანის შემდგომი ფსიქიკური განვითარება, როგორც სექსუალურ, ასევე სოციალურ ასპექტებში. საქართველოში ფსიქოლოგიის სკოლა ფაქტობრივად არ არსებობს, ამიტომ ვერასოდეს გავიგებთ, თუ რა სახის ტრავმას იღებენ ბიჭები ასეთი სექსუალური ოდისეების შედეგად. როგორც წესი, ამ ტიპის გამოცდილება ადამიანის ფსიქიკაში ღრმად ილექება და შესაძლოა დიდწილად განსაზღვროს დამოკიდებულება სექსის თუ სასიყვარულო ურთიერთობების მიმართ.

ეს ტრადიცია რომ პედოფილიის კლასიკური განმარტებაა, საქართველოში უბრალოდ არ ესმით. ბიჭების დასავაჟკაცებლად წასხმა დედების ჩუმი თანხმობით ხდება, ხანდახან წაქეზებითაც კი. ვინ იცის, იქნებ ახლად დაკაცებულთა დედები ზუსტად ისევე ამბობენ "დღეს დავვაჟკაცდიიით", როგორც სხვა წინსვლებზე საუბრობენ ხოლმე - "ჩვენ კიჭი ამოგვივიდა!", "დღეს პირველად ვქენით ქოთანში" და ა.შ.

გარდა ამ ყველაფრისა, მინიმუმ ერთი შემთხვევის შესახებ მაინც გექნებათ გაგებული, რომ ვიღაც 25-30 წლის ან უფრო დიდი ასაკის ტიპმა 14-15 წლის გოგო მოიყვანა ცოლად. ასეთი შემთხვევები ძირითადად რეგიონებში ხდება. ზუსტად ასეთი ისტორია ვნახეთ რამდენიმე თვის წინ გია ჯაჯანიძის შოუში, როდესაც საგარეჯოში მცხოვრებმა 25 წლის მამაკაცმა ცოლად 15 წლის გოგო მოიყვანა. ის თავის მეუღლესთან ერთად იჯდა სტუდიაში და ყვებოდა საკუთარ ისტორიას. გაცნობის ამბავი მიგვანიშნებს, რომ საქმე კლასიკურ პედოფილიასთან გვაქვს. მამაკაცი შემთხვევით შეხვდა ვიღაც გოგოს, რომელსაც არ იცნობდა, გაარკვია, რომ ის 15 წლის იყო და გაუბა მესიჯობა. მამაკაცს გოგოს შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, მან მხოლოდ ასაკი და სახელი იცოდა. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მასთან მიმოწერა დაეწყო. ხოლო ხალხი, რომელიც სტუდიაში იჯდა და ამ ისტორიას ისმენდა, აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს ლამაზ ქართულ ოჯახს. საქმე ისაა, რომ ვიდრე საზოგადოებამ არ ატეხა ერთი ამბავი, შსს-ს აზრადაც არ მოსვლია აშკარა დანაშაულის გამოძიება დაეწყო და აღნიშნული მამაკაცი დაეკავებინა.

აქვე გაგახსენებთ 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში პოპულარულ საესტრადო ჟანრს. როცა ქართველი მომღერლები 10-12 წლის ბავშვებთან წერდნენ დუეტზე, სიყვარულზე და "ამ ღამით ასრულებულ ოცნებებზე" მღეროდნენ. ალბათ მოგწონდათ კიდეც ეგ სიმღერები - თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს, ეგ სიმღერებიც პედოფილიის მუსიკალური გამოხატულება იყო.

მოკლედ, ვიდრე პოპულისტური და პროპაგანდისტული ისტერიკის შედეგად შექმნილი ბუების შეგვეშინდება, სჯობს დავფიქრდეთ და ჩვენს გარემოს გადავავლოთ თვალი, რეალობა ასეთია - ჩვენთან პედოფილები არ ისჯებიან, პირიქით, მათ ხალხი ტაშს უკრავს, ხოლო სახელმწიფო თავზე ხელს უსვამს.