კლინიკა ვივამედის ინფორმაციით, მათ შენობაში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები შეიჭრნენ. დაჭრილია დაცვის წევრი, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

"პაციენტი გარდაიცვალა გამთენიისას, მისი ოჯახის წევრების მიერ მოხდა თავდასხმა ჩვენი კლინიკის დაცვის თანამშრომლებზე. გაანადგურეს ინვენტარი, რეგისტრატურა, მინები ჩაიმსხვრა, შემოსასვლელი, ფანჯრები, კარები, სკამები და რაც მთავარია, ძალიან მძიმედ არის დაჭრილი დაცვის თანამშრომელი, რომელიც იმყოფება საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს რთული ოპერაცია. სავარაუდოდ, დაჭრილია ცივი იარაღით", — უთხრა On.ge-ს ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

ვივამედის კლინიკური დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი პაციენტი ყოფილი პატიმარია, მანამდე კლინიკაში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და თვითდაზიანების გამო რამდენჯერმე აქვს ოპერაცია გაკეთებული.

"იყო უმძიმესი პაციენტი, ახლა შემოვიდა 8 დეკემბერს, გამთენიისას გარდაიცვალა. უკვე გათავისუფლებული საპატიმროდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", — ამბობს ჩხაიძე.

მისი ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. ჩხაიძე ამბობს, რომ ადგილზე მუშაობს პოლიცია და დაწყებულია გამოძიება.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.