გირჩის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტში განცხადება შეაქვს მანდატის დატოვების თაობაზე.

"პარლამენტთან ვარ მოსული, რომ განცხადება შევიტანო მანდატზე უარის თქმის თაობაზე. მოლაპარაკებები, შესაძლოა, გაგრძელდეს თვეები, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ახლა გამეკეთებინა", — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება გირჩის სხვა ლიდერებს, როგორც ცნობილია, ისინი ჯერჯერობით მანდატზე უარს არ ამბობენ.

სხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მანდატების გაუქმების თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართეს. მანდატებზე ოფიცილაურად არ მიუმართავს პარტია მოქალაქეებს, პატრიოტთა ალიანსს და გირჩის სხვა ლიდერებს. 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია.