მშობლობა ხშირად გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ შვილის კვებაზე, განათლებასა თუ სხვა აუცილებელ პირობებზე ზრუნვაა: ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემების დაძლევაშიც კი მათ გვერდით ყოფნა სჭირდებათ, რათა არასდროს იფიქრონ, რომ მარტო არიან.

ამ მიდგომის ცხოვრებაში წარმატებულად განხორციელებული მაგალითი კი კანადაში მცხოვრები მამა-შვილის გამოცდილებაა, რომელთაგან ორივეს დერეკი ჰქვია და ცხადია, გვარიც შესაბამისად საერთო აქვთ — პრუ.

ფოტო: CBC

უმცროსი დერეკი, რომელიც რვა წლისაა, მარცხენა მკერდის მხარეს მოზრდილი ხალით დაიბადა. იმის ნაცვლად, რომ ეს თანდაყოლილი ნიშანი საკუთარი განსაკუთრებულობის სიმბოლოდ აღექვა, როგორც ხდება ხოლმე, პირიქით — ეს მასზე ემოციურად ცუდად მოქმედებდა.

როგორც მამამისი, უფროსი დერეკი ყვება, თავის შვილს თვითშეფასება გაუუარესდა და მაისურის გახდა მისთვის დაბრკოლება გახდა: მოზარდს საკუთარი სხეულის გამოჩენა რცხვენოდა. ეს განსაკუთრებულ პრობლემას კი იმის გამო ქმნიდა, რომ დერეკი ცურვაზე დადიოდა, იქ კი მას მაისურის გახდა სჭირდებოდა.

სწორედ ამის გამო მამამისმა გადაწყვიტა, ყველაზე მყარი გზა ეპოვა იმის დასამტკიცებლად, რომ საკუთარი სხეულის არ უნდა გრცხვენოდეს.

ფოტო: Juicy Quill Tattoo

უფროსი დერეკი ადგილობრივ ტატუირების სალონს დაუკავშირდა და ალბათ, ყველაზე უჩვეულო თხოვნით მიმართ: მას მოყავისფრო ლაქასავით მარჯვენა გულმკერდის დიდი ნაწილის მოხატვა სურდა.

ამით დერეკს სურდა, თავისი შვილისთვის ეჩვენებინა, რომ მარტო არ არის და თავისი უნიკალური ხალი სულაც არ არის ის, რის გამოც თავი ცუდად უნდა იგრძნოს.

ამ სურვილის მიღწევას ჯამში 30 საათი დასჭირდა: ზუსტად ამდენი ხნის განმავლობაში იხატებოდა ტატუ. როცა ამ გამოცდილებას იხსენებს, დერეკი აღნიშნავს, რომ სხეულის მგრძნობიარე ადგილის გამო ტატუირების პროცესი განსაკუთრებით მტკივნეული იყო და ხშირად სჭირდებოდა შესვენება.

ფოტო: Juicy Quill Tattoo

სანაცვლოდ შედეგი მოსალოდნელზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა: ერთ დღეს, როცა რვა წლის დერეკი თავის დასთან ერთად საცურაო აუზში თამაშობდა, მამამ დაუძახა, მაისური გაიხადა და აჩვენა, რომ მასაც ამიერიდან იგივე ნიშანი იქნებოდა.

დერეკი თავიდან დაიბნა, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ მამამისმა ეს მართლაც გააკეთა, თუმცა შემდეგ სახეზე ღიმილი გადაეფინა.

"ამიერიდან მამა ჩემ გვერდით იქნება თუ არა, მაისურის გახდა უფრო მარტივად შემეძლება", — თქვა მან.

ეს კი, როგორც უფროსი დერეკი ამბობს, ყველაფრად ღირდა.

ფოტო: CBC