ვაქცინას სუპერგმირებიც იკეთებენ. X-Men-ისა და Lord of the Rings-ის ფილმების მსახიობი იან მაკკელენი ერთ-ერთი პირველი ცნობილი სახეა, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. 81 წლის მსახიობი ლონდონში, დედოფალი მერის სახელობის უნივერსიტეტის კლინიკაში აცრეს.

"ადამიანებმა ამდენი წელი იმიტომ ვიცოცხლეთ, რომ წარსულში სხვადასხვა ვაქცინა ჩავიტარეთ", — ამბობს ვეტერანი მსახიობი.

მისი სიტყვებით, ეიფორიასა და სიხარულს გრძნობდა.

"მჯერა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას", — დასძენს მსახიობი.

იანის თქმით, მისთვის ვაქცინის მიღების დღე განსაკუთრებულია, ხოლო პროცედურა უმტკივნეულო იყო. მან ყველას ურჩია აცრა ჩაეტარებინათ.

ინგლისში Pfizer-ის ვაქცინით აცრა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. თავდაპირველად ვაქცინა ექიმებს უკეთდებათ, ხოლო შემდეგ თავშესაფარში მცხოვრებებს, მოხუცებს და რისკის ქვეშ მყოფ სხვა ჯგუფებს.