სასამართლომ სკოლის მანდატურს, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული, 10 ათასი ლარის ოდენობით აღმკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა, ანუ მანდატური ციხეში გირაოს გადახდამდე დარჩება.

პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა. საგამოძიებო უწყების პრესსამსახური On.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი სკოლის ყოფილ მანდატურს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარუდგინა ბრალი.

გამოძიების ვერსიით, მანდატურმა 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგო სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან - ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.