გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თუ დაფინანსება მართლა შეუწყდებათ პარტიებს, ეს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს. მისი თქმით, შეიქმნებიან პარტიები, რომლებიც მხარდამჭერებისგან ეცდებიან დაფინანსების მოძებნას, ისე, როგორც ამას აკეთებს გირჩი.

"ეს განცხადებები შეიძლება ემსახურებოდეს იმას, რომ რაღაცნაირი ზეწოლა მოხდეს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაზე, ვისაც შეიძლება აინტერესებდეს ეს დაფინანსების საკითხი, მე ეგეთი არა ვარ. მგონია, რომ ეგ დაფინანსება საერთოდ ჩასახსნელია, მათ შორის, ქართული ოცნებისთვისაც, პირველ რიგში [...] მოკლევადიან პერსპექტივაში, ოპოზიციური პარტიებისთვის ეს იქნება პრობლემა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ისინი ჩამოკიდებულნი იყვნენ ამ დაფინანსებაზე. სინამდვილეში თუ ეგ მოხდება, ეს გამოიწვევს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას", — თქვა ჯაფარიძემ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატებს, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, არამხოლოდ მანდატებს შეუჩერებენ, არამედ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსებასაც შეუწყვეტენ. ამასთან, მისი თქმით, დააინიცირებენ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

ამავე თემაზე: