წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების სტარტაპ ZeroAvia-ს ბილ გეიტსი დააფინანსებს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. კომპანიამ მოიზიდა ინვესტიცია ბილ გეიტსისა და Amazon-ის ფონდებიდან, ჯამში, 21,4 მილიონი დოლარის ოდენობით, გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ $16,6 მილიონი ინვესტიცია ჩადო კომპანიაში, ეს კი, კომპანიის თქმით, "საბოლოოდ გახდება წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ძრავების წყალბადზე მომუშავე ძრავიებით ჩანაცვლების მთავარი წინაპირობა".

ZeroAvia-ს მიზანია თვითმფრინავები მაღალი ემისიების მქონე წიაღისეული საწვავიდან ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ალტერნატიული საწვავის ძრავებზე მომუშავეებად აქციოს. აღსანიშნავია, რომ წყალბადის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავები, რომლის წარმოებასაც კომპანია გეგმავს, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე საჰაერო ტრანსპორტს სიმძლავრითა და ფრენის მანძილით არ ჩამოუვარდება.

საწვავის სისტემების გაუმჯობესების გარდა, მიღებულ ინვესტიციას კომპანია წყალბადის ძრავზე მომუშავე 19 ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავის შესაქმნელად გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საკუთარი ტექნოლოგია სექტემბერში წარმატებულად დატესტა, ეს კი სტარტაპის ამბიციების რეალისტურობაზე მიგვანიშნებს. ZeroAvia იმედოვნებს, რომ 2023 წელს მსგავს ძრავებს სხვა ავიაკომპანიებს მიჰყიდის, ხოლო მიღებული თანხით ძრავების სიმძლავრის გაზრდაზე მუშაობას მოახერხებს.

იმას, რომ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე თვითმფრინავები წყალბადისძრავიანებით სრულად ჩანაცვლდეს, რამდენიმე წელი დასჭირდება. სექტემბერში ჩატარებულმა საცდელმა ფრენამ აჩვენა, რომ კომპანიას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. სიმძლავრე, რომელიც კომპანიის მიერ შექმნილ თვითმფრინავს აქვს, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ატლანტის ოკეანის გადასალახად. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მოზიდული ინვესტიცია სტარტაპს ძრავის სიმძლავრის გაზრდაში ნამდვილად დაეხმარება.

წყალბადის საწვავზე გადასვლამ შეიძლება ბევრი სარგებელი მოუტანოს მსოფლიოს. Bloomberg–ის თანახმად, 2019 წელს საავიაციო ინდუსტრიამ ატმოსფეროში მილიარდი ტონა ნახშირბადი გამოყო და ეს ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა მსოფლიოში.