ჟან-პოლ სარტრი და სიმონ დე ბოვუარი ლიტერატურისა და ფილოსოფიის ისტორიის ფურცლებზე სამუდამოდ აღბეჭდილი სახელებია. ორივე მათგანი მეოცე საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის, უფრო კონკრეტულად კი ეგზისტენციალიზმის წამყვანი ფიგურაა. სარტრი ავტორია რომანისა გულისრევა და ფილოსოფიური ნაშრომებისა ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია, ყოფიერება და არარა, ბოვუარი კი ფემინისტი თეორეტიკოსი და გახმაურებული ნაწარმოებების — მანდარინები და მეორე სქესი შემოქმედია.

თუმცა, გარდა მათი ინტელექტუალური მემკვიდრეობისა და კაცობრიობის აზროვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისა, არანაკლებ საინტერესო და მონუმენტურია სარტრისა და ბოვუარის რომანტიკული წყვილი. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს დაქორწინებულან, ერთმანეთის გაცნობის დღიდან სარტრის გარდაცვალებამდე ისინი განუყრელი პარტნიორები და თანამოაზრეები გახლდნენ. რითაა გამორჩეული და მნიშვნელოვანი ეს ურთიერთობა? ან შესაძლოა თუ არა, ორი მწერლის პირადი ცხოვრების განხილვა მათი შემოქმედებისგან დამოუკიდებლად? აშკარაა, რომ სარტრისა და ბოვუარის ურთიერთდამოკიდებულება ორივე მათგანის იდეოლოგიასა და ფილოსოფიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

სარტრმა და ბოვუარმა ერთმანეთი 1929 წელს პარიზში, უნივერსიტეტში გაიცნეს, სადაც ორივე ფილოსოფიას სწავლობდა: სარტრი ოცდაოთხი წლის იყო, ბოვუარი კი — ოცდაერთის. ამ პერიოდში ორივე მათგანი ფილოსოფიის მომდევნო საფეხურზე გადასვლისთვის საჭირო გამოცდის ჩასაბარებლად ემზადებოდა, რომელშიც მოგვიანებით სარტრმა და ბოვუარმა პირველი-მეორე ადგილი გაინაწილეს. თუმცა, ჟიურის აზრით, 21 წლის ასაკში ბოვუარი უკეთესი ფილოსოფოსი და ამავდროულად, ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახლდათ, რომელსაც ეს გამოცდა ოდესმე ჩაებარებინა. სარტრი კი, რომელიც ამ გამოცდას მეორედ აბარებდა, რადგან პირველ ჯერზე ჩაიჭრა, გამბედავი, მეამბოხე ბუნების ახალგაზრდა ანარქისტი იყო და პოლიტიკით დიდად არც ინტერესდებოდა.

ახალგაზრდა ბოვუარისა და სარტრის პირველი ერთობლივი ფოტო, 1929 წელი.

ფოტო: Jazz Editions/Gamma/Gamma-Rapho

ამავე წლიდან წყვილი განუყრელი გახდა და სარტრმაც ბოვუარს ცოლობა შესთავაზა, თუმცა მისგან უარი მიიღო, რადგან ბოვუარი სულაც არ თვლიდა, რომ სიყვარულის სრულფასოვნებას ქორწინების აქტი განსაზღვრავდა. სანაცვლოდ, წყვილმა ერთგვარი "პაქტი" დადო, რომლის მიხედვითაც, ერთმანეთი ეყვარებოდათ და არაფერს დაუმალავდნენ, თუმცა ამავდროულად არც სხვა პარტნიორებთან ურთიერთობა ექნებოდათ შეზღუდული. სარტრი და ბოვუარი, მათივე კონცეფციით, ერთმანეთისთვის "აუცილებელ სიყვარულს" წარმოადგენდნენ, რის პარალელურად "შემთხვევითი სიყვარულების" თავისუფლებაც ჰქონდათ. მსგავსი შემთხვევები კი ორივეს ცხოვრებაში მრავლად იყო.

სარტრი და ბოვუარი ზოგჯერ ერთ ქვეყანაში არც კი იმყოფებოდნენ, თუმცა მაშინაც კი, როცა ორივე საფრანგეთში დამკვიდრდა, განცალკევებით ცხოვრობდნენ და ერთმანეთს ხშირად კაფეებში ხვდებოდნენ. პირადთან ერთად მათ შემოქმედებითი საქმიანობაც აკავშირებდათ: ბოვუარი სარტრის ტექსტების მუდმივი რედაქტორი იყო. აშკარაა, რომ ორივე მათგანის ცხოვრების გზა ძალიან დამოუკიდებელი, ინდივიდუალური და ამასთანავე ერთმანეთზე გადაჯაჭვული იყო, რაც მათი ურთიერთობის ფენომენს ამდენი წლის შემდეგაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.

სარტრი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეგზისტენციალისტია. მისი მსოფლმხედველობის მთავარი არსის მარტივად ახსნა შემდეგნაირად შეიძლება: ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ცენტრში ადამიანი დგას. "არსებობა წინ უსწრებს არსს" — წერს სარტრი ნაშრომში ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თავადვე განსაზღვრავს და აყალიბებს საკუთარ თავს. მას არ აქვს წინასწარი ბედი, რომლის თანახმადაც უნდა იცხოვროს, ან რამე კონკრეტული ბუნება. "სამყაროში გადაგდებული" ადამიანი თავისი არჩევანის შესაბამისად აყალიბებს საკუთარ პიროვნებას. გამოდის, რომ იგი სრულიად თავისუფალია. სწორედ ამ მოძღვრების ანარეკლია სარტრისა და ბოვუარის ურთიერთობაც. მათი მხრიდან ტრადიციული ნორმების უარყოფა და ჩარჩოებიდან ამოვარდნილი ურთიერთობის ქონა თავისუფალი არჩევანის უდიდესი დემონსტრაციაა.

ფოტო: Rex Features

ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როცა სარტრის ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე მისივე ფილოსოფიურმა იდეოლოგიამ იქონია დიდი გავლენა. იგი პირველი ადამიანია, რომელმაც ნობელის პრემიის მიღებაზე უარი განაცხადა. სარტრს არ სურდა, ჯილდოს მისი პიროვნება განესაზღვრა ან შეეცვალა. მან ნებაყოფლობით თქვა უარი მსგავსი ინსტიტუციის ნაწილად ყოფნაზე.

სარტრი და ბოვუარი მემარცხენე პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ. ეგზისტენციალიზმის გარდა, მათი ურთიერთობის ანალიზისას ამ იდეოლოგიაზე დამყარებული ხედვაც აშკარა და მნიშვნელოვანია. ბოვუარი ბურჟუაზიული ოჯახიდან იყო: მამამისი ადვოკატი გახლდათ, რომელსაც სულაც არ სიამოვნებდა შვილის გადაწყვეტილება, პროფესიად ფილოსოფია აერჩია. ბოვუარის არჩევანი, მწერალი გამხდარიყო და სწორედ ფილოსოფია ესწავლა, ოჯახური კონსერვატიზმისგან თავის დაღწევას ემსახურებოდა. ცხოვრების საზოგადოების სურვილების მიხედვით აწყობა, ქალისათვის "შესაფერისი" პროფესიის არჩევა, ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა... ეს და სხვა მოლოდინები სწორედ ბურჟუაზიული ტრადიციების ჩარჩოებიდან გამომდინარეობს. ბოვუარის გადაწყვეტილება, ღია ურთიერთობაში ყოფილიყო სარტრთან, ზუსტად ბურჟუაზიული ხედვის უარყოფისა და ცხოვრებისეული იდეოლოგიის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების მაგალითია.

არასწორი იქნება იმის თქმა, რომ სარტრისა და ბოვუარის ისტორიას ტრადიციული ურთიერთობებისაგან მხოლოდ პოლიამორიული ბუნება განასხვავებს. ეს ერთ უბრალო დეტალადაც კი შეიძლება ჩაითვალოს წყვილის ურთიერთდამოკიდებულების ზოგადი ხასიათის ფონზე. აშკარაა, რომ სარტრი და ბოვუარი სიყვარულს კუთვნილებასთან არ ათანაბრებდნენ, მეორე ნახევრის პირად თავისუფლებას არ ზღუდავდნენ და დამოუკიდებლად განვითარების საშუალებასაც უტოვებდნენ ერთმანეთს. ამ შემთხვევაში, პარტნიორობა არჩევანია და არა ვალდებულება. იმის მიუხედავად, რომ ბოვუარი სიცოცხლეშივე უზომოდ წარმატებულ მწერლად ითვლებოდა, იგი სარტრთან ურთიერთობას საკუთარ ცხოვრებაში "ერთადერთ უდავო წარმატებად" მოიხსენიებდა.

ფოტო: Getty Images

სარტრი და ბოვუარი 1980 წლამდე ზუსტად ორმოცდათერთმეტი წელი იყვნენ პარტნიორები, სანამ სარტრი არ გარდაიცვალა. დღეს ისინი გვერდიგვერდ არიან დაკრძალული პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე. ყველაფერ ზემოთ თქმულთან ერთად, სარტრისა და ბოვუარის ურთიერთობა გარკვეულწილად პრობლემატურია და ბევრ სადავო დეტალსაც მოიცავს. მაგალითად, ცნობილია, რომ ბოვუარს ორჯერ შეუჩერეს სწავლების უფლება, რომელთაგან ერთ-ერთის მიზეზი 1939 წელს სტუდენტთან ურთიერთობა გახლდათ. მსგავსი ბრალდებებს ხშირად უყენებდნენ სარტრსაც. ბიანკა ლამბლინმა, რომელსაც წლების განმავლობაში წყვილთან ერთდროულად ჰქონდა ურთიერთობა, თავის მემუარებში ისინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სარტრსა და ბოვუარს ხშირად ჰქონდათ მსგავსი "საერთო" ურთიერთობები, რომელში მონაწილე ხალხს "ოჯახად" მოიხსენიებდნენ ხოლმე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1977 წელს წყვილმა მიშელ ფუკოსთან, როლან ბარტთან, ჟაკ დერიდასთან და სხვა ფრანგ ინტელექტუალებთან ერთად სექსუალური თანხმობის მინიმალური ასაკის გაუქმების თხოვნით პეტიციას მოაწერა ხელი.

მიუხედავად ყველაფრისა, სარტრისა და ბოვუარის ურთიერთობა აშკარად იმსახურებს მეტ ყურადღებას და ალბათ, მათგან ბევრი რამის სწავლა და თანამედროვეობაში გადააზრებაც შეიძლება: თუნდაც იმისა, რომ "ტრადიციული", ეჭვებით სავსე ურთიერთობის ქონა სავალდებულო სულაც არაა, რისი ირიბი ზეწოლაც საზოგადოების მხრიდან მუდმივად იგრძნობა. უნდობლობით სავსე ურთიერთობები სოციუმში ერთგვარ სტანდარტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სარტრისა და ბოვუარის წყვილი ყოველთვის თამამად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც უკეთესი ალტერნატივის შთაგონების წყარო.