მოქალაქეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ და აფრიკის დასახლების მკვიდრთ სოლიდარობას უცხადებენ. მათი მთავარი მოთხოვნა თბილისის მერ კახა კალაძესთან პირადად შეხვედრაა, ხოლო მთავარი სლოგანი — "სახლი ყველას".

აქციაზე იმყოფებიან, ასევე, აფრიკის დასახლების მაცხოვრებლებიც, რომლებიც მათი სახლების დაკანონებას ითხოვენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ თუ დემონტაჟი გაგრძელდება, აქციები უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს.

"მე ვცხოვრობ აფრიკის დასახლებაში, ყოფილი რკინა-ბეტონის ქარხნის ტერიტორიაზე, 11 წელი, 37 ოჯახი. ჩვენ გაგვიჩნდა იმის შიში, რომ ქარხნის ტერიტორია ნებისმიერ დროს გაიყიდება და უსახლკაროდ დავრჩებით. ბატონ კახისთან გვაქვს თხოვნა, რომ დაგვიკანონოს. მხარს ვუჭერთ ყველას, ვისაც დაუნგრიეს [...] წინასაარჩევნოდ მოგვცეს დაპირება, რომ 25 ნოემბერს გადმოგვეცემოდა ეს ბინის ფართები, მაგრამ ამ დრომდე არაფერი", — განუცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ On.ge-ს.

დღეს აფრიკის დასახლების მაცხოვრებლები ისანი-სამგორის გამგეობასთანაც შეიკრიბნენ. მათ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და რამდენიმე მოთხოვნაც წამოაყენეს. კერძოდ:

  • მიწების დაკანონება;
  • გუშინ დაკავებული პატიმრის გამოშვება;
  • მათ, ვისაც უკვე დაუნგრიეს, მიეცეთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და არა დროებითი თავშესაფარი;
  • ქალაქის ბიუჯეტში ჩაიდოს სოციალური საცხოვრებლის მშენებლობა არანაკლებ 1 000 ბინის ოდენობით წელიწადში.

15 დეკემბერს თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟი დაიწყო. მათი ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ადამიანი, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლდა.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს. პასუხად ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

On.ge-სთან საუბრისას რამდენიმე ადგილობრივმა აღნიშნა, რომ ისინი მრავალშვილიანები არიან და ამ სახლებს წლების განმავლობაში შეგროვებული ფულით იშენებდნენ. მათი თქმით, ხშირად შვილების გამოსაკვები ფულიც არ აქვთ.

ამავე თემაზე: