ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნება საქართველოს კანონის პროექტი ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და აქ არ შევა ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა, ოჯახური ძალადობა და სხვა.

მისი თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაული.

სარჯველაძემ გამოკვეთა რამდენიმე შემთხვევა, რომელიც განსხვავებულ მიდგომას ითვალისწინებს:

  1. იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და, რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, ასეთ შემთხვევაში სასჯელისგან განთავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში — დაზარალებულის თანხმობა;
  2. ცალკეულ შემთხვევაში გათვალისწინებულია წინაპირობად ასევე ნასამართლობის არქონა.
  3. გათვალისწინებულია აგრეთვე ხანდაზმული, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა განთავისუფლება.

"წარმოდგენილი კანონპროექტი, ზემოაღნიშნული მიდგომების მიხედვით, მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია და ა.შ. ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს", — აცხადებს ის.

მისივე განცხადებით, ის პირები, რომელთაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა 260-ე მუხლის მიხედვით, სასჯელის ფორმა შეეცვლებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად.

"შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა (და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დღეისათვის ასეთი 3 პირი იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმროებში), სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით და ამის შემდგომ მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა", — განაცხადა სარჯველაძემ.

მაგრამ, იმ პირებისთვის, ვისაც არ აქვთ სასჯელი 260-ე მუხლის გამო და მისჯილი აქვთ თავისუფლების სამუდამო აღკვეთა სხვა დანაშაულისთვის, მოხდება სასჯელის შეცვლის პროცედურების რეფორმა.

"შეიქმნება თავისუფლებისათვის მომზადების სპეციალური პროგრამა, რაც კანონით დადგენილ ვადაში, მოსამართლეს ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს. ასეთი მიდგომა (1) ხელს შეუწყობს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პერსპექტივების შექმნას, და ასევე (2) ეს წარმოადგენს ევროპულ სტანდარტს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის კუთხით", — თქვა მან.

სარჯველაძის განცხადებით, ეს ინიციატივა საპარლამენტო განხილვას გაივლის და წარმოადგენს საფუძველს დისკუსიებისა და კონსულტაციების დასაწყებად.