დღეს ისანი-სამგორის გამგეობასთან აფრიკის დასახლების მაცხოვრებლები შეიკრიბნენ. მათ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და რამდენიმე მოთხოვნაც წამოაყენეს. კერძოდ:

  • მიწების დაკანონება;
  • გუშინ დაკავებული პატიმრის გამოშვება;
  • მათ, ვისაც უკვე დაუნგრიეს, მიეცეთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და არა დროებითი თავშესაფარი;
  • ქალაქის ბიუჯეტში ჩაიდოს სოციალური საცხოვრებლის მშენებლობა არანაკლებ 1 000 ბინის ოდენობით წელიწადში.

აღნიშნული მოთხოვნები აქციაზე ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა გააჟღერა. მისი თქმით, თუ დემონტაჟი გაგრძელდება, აქციები მერიასთან გადაინაცვლებს.

ეს მოთხოვნები ჰქონდათ იქ შეკრებილ მოქალაქეებსაც. აფრიკის დასახლების ერთ-ერთი მკვიდრის, შმაგი წერეთლის თქმით, მას წასასვლელი არსად აქვს, ამიტომ ითხოვს, რომ საცხოვრებელი დაუკანონ და გადაიხდის.

"ის ქოხი, რაც ამიშენეს მეგობრებმა, მეზობლებმა და ხალხმა, დამანებონ და გადავიხდი. ნელ-ნელა, 200 ლარი იქნება თუ რაღაც, შევისყიდი იმ 500 კვადრატ მიწას. არსად არაფერი არ გვაქვს, სამუდამო პატიმრობა მოგვისაჯონ თუ სადმე რამეს მიპოვნიან", — განაცხადა მან.

სამგორის რაიონის გამგებელის, კახა სამხარაძის განცხადებით კი, ვისაც დახმარება სჭირდება, ინდივიდუალურად უნდა მიმართოს გამგეობას და თუ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მას დაეხმარებიან.

"კონკრეტულად ადამიანებს ვისაც სჭირდებათ დახმარება, სასარგებლოს სოციალური სტატუსით და გარკვეული დახმარება სჭირდება ჩვენი მხრიდან, გააკეთოს განაცხადი და ამის საფუძველზე გამგეობა გასცემს პასუხს. გამგეობა ქირას საკმაოდ ბევრ ადამიანს უხდის, უდნა იყოს სამგორის მაცხოვრებელი, აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს", — განაცხადა მან.

15 დეკემბერს თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟი დაიწყო. მათი ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ადამიანი, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლდა.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს. პასუხად ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

On.ge-სთან საუბრისას რამდენიმე ადგილობრივმა აღნიშნა, რომ ისინი მრავალშვილიანები არიან და ამ სახლებს წლების განმავლობაში შეგროვებული ფულით იშენებდნენ. მათი თქმით, ხშირად შვილების გამოსაკვები ფულიც არ აქვთ.

ამავე თემაზე: